ზუგდიდის საკრებულომ სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული საკიხის განხილვას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და მოქალაქე აქტივისტების ნაწილმა დატოვა.
საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად, ტერიტორია 7 მილიონზე მეტ ლარად გაიყიდება, ხოლო ინვესტორს, რომელიც შეიძენს მას, ექნება ვალდებულება, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ყინულის სახლს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი 200 000 ლარს გადაიხდის, მერია კონსტრუქციას სხვა ადგილას თავად გადაიტანს.
აღნიშნულ საკითხზე ზუგდიდის მერიაში შემდეგ კომენტარს აკეთებენ:
“ზუგდიდის საკრებულოს არ განუხილავს სკეიტ პარკის ტერიტორიის გადაცემა კომპანია m2-ისთვის ან რომელიმე სხვა კომპანიისთვის. საუბარია მიწის გასხვისებაზე პირობებიანი აუქციონით, რომელში მონაწილეობაც შეეძლება ნებისმიერ დაინტრესებულ პირს.
გაიმარჯვებს ის კომპანია, ვინც საუკეთესო პირობებს შესთავაზებს ზუგდიდს. მერიამ საკრებულოს ამასთან დაკავშირებით დღეს დასამტკიცებლად წარუდგინა საპრივატიზაციო ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა. ზუგდიდში ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურის შექმნა არის აუცილებელი ამ ქალაქის მომავლისთვის და განვითარებისთვის და ზუგდიდის მერია აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით”-აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.