სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ზუგდიდის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოეს.
სახელმწიფო რწმუნებულმა სიტყვით მიმართვისას მასწავლებლებს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კონკრეტული მოსწავლის, ან მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. სწორედ მასწავლებელზე და განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავალი. დღეს თქვენ აქ ხართ შეკრებილი ღვაწლმოსილი მასწავლებლები, ვინც ამ პროფესიას და მომავალი თაობების აღზრდას საკუთარი ცხოვრება მიუძღვენით. მადლობა ცოტაა ამ ყველაფრისთვის, მიიღეთ ჩემგან გულითადი სიყვარული და უდიდესი პატივისცემა!“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
პედაგოგებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.
დააჯილდოეს ხუთი მასწავლებელი: ნინო შენგელაია – ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, ნონა ჯანაშია – ზუგდიდის N 8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის წამყვანი მასწავლებელი, ლეილა მამფორია – ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, დენიზა მანია – ჭკადუაშის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ჟუჟუნა ჩუხუა – ჭაქვინჯის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ყველა რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, 27 ოქტომბერს ჩატარდება.




