STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

დღეს კვირიკობაა დღესასწაული განსაკუთრებულად სვანეთში აღინიშნება

  • სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.

წმიდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. აქ დაცულია წმიდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი. სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვს აუარებელი ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიაჩნიათ, როგორც “ლაგურკა”, წმ. კვირიკეს და ივლიტას ეკლესია და მასში დაცული საუცხოო, ბიზანტიური ხელოვნების სანაწილე – ხატი, რომელსაც ისინი შალიანს უწოდებენ. ამიტომაც დიდი ბოროტების და დანაშაულობის ჩამდენის აღმოსაჩენად შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინა.

ამჟამად კალას თემის ეკლესიების მთელი საგანძური ლაგურკის ეკლესიაშია თავმოყრილი. ხატები წმ. კვირიკეს გამოსახულებით მხოლოდ სვანეთშია დაცული. ლაგურკის ეკლესიამ წმ. კვირიკეს ათი ხატი შემოგვინახა, რომლებიც სხვადასხვა დროს მიეკუთვნება და წარმოადგენს მას ტრადიციულად, როგორც მოწამეს ჯვრით ხელში. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის იყო შესრულებული.


წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს – ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად სელევკიაში გაიხიზნა. ის მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან. მალე ის მმართველ ალექსანდრესტან დაიბარეს.


ივლიტა სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: “მეც ქრისტიანი ვარ!” ტიროდა ბავშვი, ტირილით მიიწევდა დედისკენ. გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.


ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა უფალს. მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ. ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა, მაცხოვარს შეჰღაღადა და თავიც მოჰკვეთეს.


წმიდანთა წამება მოხდა დაახლოებით 305 წელს. ივლიტას გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.


კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.


წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი