ბოლო ჩანაწერები
ოკუპირებულ გალში ნაძვის ხე აანთეს
ევროპაში ფრინველის გრიპის გამო 100 ათასობით ფრინველი დახოცეს
როგორ მოვამზადოთ მეგრული საცივი საახალწლო სუფრისთვის
უშგული-ლასდილის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა - თოვის გამო კიდევ რა შეზღუდვები დაწესდა სვანეთის გზებზე
ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
117
ამბები სამეგრელოდან
1283
ამბები სვანეთიდან
76
არჩევნები
355
ახალი ამბები
4001
დღის ამბები
2109
დღის ფოტო
73
ეკონომიკა
103
ვიდეო ამბები
59
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
17
კულინარია
8
კულტურა
304
მთელი კვირა
1
მსოფლიო
123
პოლიტიკა
885
რეკლამა
696
საზოგადოება
142
სამართალი
155
სპორტი
211
სხვა ამბები
84
ფოტორეპორტაჟი
25
ყვითელი ამბები
7
წარმატების ისტორია
8

როგორ აღნიშნავდნენ მე-17 საუკუნის სამეგრელოში მარიამობას
მარიამობა განსაკუთრებულად და ტრადიციების დაცვით აღინიშნებოდა სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში დაცულ მასალას ისტორიკოსი ბესიკ არახამია ავრცელებს.
XVII საუკუნის შუა პერიოდის იტალიელი მისიონერი ჯუზეპე მარია ძამპი სამეგრელოს დღესასწაულების აღწერისას ,,მარაშინაზე“ (ანუ ღვთისმშობლის მიძინება) წერდა: ,,ღვთისმშობლის მიძინების დღეს, რომელსაც ,,მარაშინას“ უწოდებენ, დღესასწაულს გარიჟრაჟზე იწყებენ ჩვეულებრივი ლოცვით – სმა-ჭამით. ჭამენ ვარიას, რომელზედაც ახალი ნიგვზის ზეთია გადასხმული. მხოლოდ ამ დროიდან იწყებენ ახალი ნიგვზის ჭამას და ყვინჩილებისა და ვარიების დაკვლას, რომელთაც ამ დრომდე არც ჭამენ და არც ყიდიან. ამბოეიძლება მანამდე, სანამ წმ. პეტრეს არ შეავედრებენ მათ.. ამ დღესვე აკურთხებენ აგრეთვე მინდვრებსა და მდელოებს, რაც ამგვარად ხდება: აიღებენ სამ თავთავს იმ მარცვლეულიდან, რომელსაც პურის მაგივრად ხმარობენ, მარწყვის პატარა რტოს, ცოტაოდენ ცვილს, შეკრავენ ბზის მსგავს კონას, აკურთხებინებენ მას მღვდელს ეკლესიაში, შემდეგ მიაქვთ იგი დათესილ მინდორში და რგავენ შუა ადგილზე: სწამთ, რომ ეს დაიცავს მინდორს ელჭექისაგან, სეტყვისა და სხვა ამგვარი უბედურებისაგან“.

რას წერდა მეგრელებზე XIX საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მოგზაური ჟიულ მურიე
რას წერდა მეგრელებზე XIX საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მოგზაური ჟიულ მურიე:
,,მეგრელები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკმაოდ უზადო და გასაოცრად ლამაზები არიან. მამაკაცებს წვრილი წელით, აშოლტილი, პროპორციული აღნაგობით, ღონიერი, თანდაყოლილი სიკოხტავით რომელი კლასისაც არ უნდა იყვნენ ისინი, მაღალი ფენის ადამიანების მიხვრა-მოხვრა აქვთ. მეგრელები არ თვრებიან, თავდაჭერილები, გულადები, რაინდები არიან და ძალიან უყვართ ცხენები. მიუხედავად იმისა, რომ მუდამ კბილებამდე შეიარაღებულნი არიან, მშვიდობიანი ხასიათი აქვთ და იარაღს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ხმარობენ.
ისინი გულითადები და უზომოდ თავაზიანნი არიან, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი. მათ ურჩევნიათ – იცრუონ, ვიდრე გაწყენინონ. მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობის კულტი აქვთ. ბუნებისგან მინიჭებული სხარტი აზროვნების წყალობით მათ ყველაფერზე აქვთ საკუთარი შეხედულება, რომელიც არც საკმარისად ღრმაა და არც უტყუარი, მაგრამ შეუძლიათ საუბრის წარმართვა და ენამოსწრებულნიც არიან. ისინი ნებისმიერ სიტუაციაში ამჟღავნებენ გონიერებასა და მოხერხებულობას. გამჭრიახები, მოურიდებელნი, ახლობელზე ძვირის მთქმელნი, ექსპანსიურები, მხიარულები, ეჭვიანები, დაუზარლები, უდარდელები და გულჩვილები – ამ თვისებებს ალბათ კლიმატური პირობები განაპირობებს. მეგრელებს სძულთ და ეზიზღებათ შრომა არ აქვთ მოთმინების უნარი. მათ უყვართ იოლი შრომით მოპოვებული ფული და ისეთი საქმე, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მეტ შემოსავალს. უყვართ ტრაბახი და ყველანაირი სიახლე, უმიზნოდ არაფერს აკეთებენ. სხვის მიმართ უნდობლები, ცნობისმოყვარეეები და შორსმჭვრეტელები არიან, საკუთარ საქმეში კი ფრთხილები. გარშემომყოფებზე გულწრფელისა და გულღიას შთაბეჭდილებას ახდენენ, თუმცა საკუთარი გრძნობების დამალვა კარგად ეხრხებათ. შურისმაძიებლები არიან, მტკიცედ იცავენ ცოლ-ქმრულ კავშირს. საკუთარ თავს თითქმის ყველა მეგრელი თავადს ან აზნაურს უწოდებს და მათ მიხვრა-მოხრას თუ შეხედავთ, არც დაეჭვდებით მათ წარჩინებულ წოდებაში.
ტანსაცმელს აქ დიდ ყურადღებას აქცევენ. ჩოხა შავი ან ფერადი, მუხლამდე სიგრძის გრძელი შემოსაცმელია, რომელიც ისე იკვრება, რომ აჩენს ახალუხს – შალის ან აბრეშუმის ერთგვარ ტუნიკას სწორი მაღალი საყელოთი. წელზე მაგრად მოჭერილი ტყავის ქამარი დამშვენებულია ვერცხლის მოსართავებით. ქამარზე ჩამოკიდებულია ხანჯალი — ორლესული სატევარი. მამაკაცების უმეტესობა წვერს ატარებს, ხოლო გრძელი თმა უკან აქეთ გადავარცხნილი. თავსაბურავად ხმარობენ ფაფახს (კარაკულის ქუდი) ან მხარზე გრაციოზულად გადაკიდებულ ბაშლაყს (ყაბალახი), რომელსაც წვიმის დროს თავზე იხურავენ კაპიუშონის ან, უფრო ხშირად, ჩალმის მსგავსად. ფეხზე იცვამენ თხის მოქნილი ტყავის წუღას – ერთგვარ ფეხსაცმელს, რომელსაც რბილი ლანჩა და ზემოთ აწეული ცხვირი აქვს, შალის ან ტყავის საწვივები მუხლის ზევით ადის. და ბოლოს კოსტუმს ასრულებს აუცილებელი ნაბადი ანუ ბურკა, გრძელი მატყლის წყალგაუმტარი პალტო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ქვეშაგებადაც ხმარობენ.
მეგრელი ქალები ამართლებენ თავის რეპუტაციას – შავგვრემანი თუ ქერა, თითქმის ყველა ლამაზია. აბრეშუმივით რბილი ხშირი, შუაზე გაყოფილი თმა გრძელ ნაწნავებად ეცემათ მხრებზე. მკაცრი და სწორი შუბლი აქვთ, ოდნავ მორკალული წარბების ქვეშ მრგვალი თვალები უბრწყინავთ. ხშირი და გრძელი წამწამები ლოყებზე ჩრდილად ეფინებათ. მათ არწივისებური ცხვირი და პატარა კოხტა ყურები აქვთ. ძირითადად ფერმკრთალებს, სახეზე ოდნავ ავადმყოფური ფერი დაკრავთ. მსოფლიოში ყველაზე თეთრი ჩაწიკწიკებული კბილები აქვთ და ტუჩების კუთხეებში კი მსუბუქი ნაოჭები, რომლებიც სახეს ამაყ გამომეტყველებას აძლევს.
მათი ღიმილი მომხიბვლელია. მეგრელი ქალები მაღლები არიან, გამოირჩევიან კარგი აღნაგობით, მაღალი მკერდი, რომელიც არასდროს არის კორსეტში გამომწყვდეული და განვითარებული თეძოები აქვთ, რაც მიანიშნებს დედობისადმი ბუნებრივ მიდრეკილებაზე. ლამაზი მკლავები და თხელი მტევნები აქვთ, რომლებსაც ძალიან უვლიან. ყოველ სიტყვას თან ახლავს ჟესტიკულაცია და მიმიკა. ტკბილი ხმა აქვთ და ხმას იშვიათად უწევენ, რადგან ხმადაბალი საუბარი კარგ ტონად ითვლება. პატარა ფეხებს ყოველთვის მალავენ. ტახტზე უდარდელად მოკალათებულები წამოდგომისას კატის მოქნილობასა და გრაციოზულობას ამჟღავნებენ. რევერანსის გაკეთებაში განსაკუთრებით დახელოვნებულნი არიან. ქალბატონები შეხვედრისას ერთმანეთს მხრებზე ან წელზე შემოხვევენ ხოლმე ხელს. მათ ბუნებრივ წარმოსადეგობაში არაფერია ხელოვნური. ოდნავ პრანჭია ქცევის მანერა აქვთ. მაგრამ უნაკლოდ ტაქტიანები, საოცრად ყურადღებიანები და თავაზიანები არიან სტუმრებისა და მეგობრების მიმართ.”
![ზუგდიდის ისტორიული ფოტოები ერმაკოვის არქივიდან [ფოტო]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2025%2F05%2F3709-1-960x755.jpg&w=3840&q=75)
ზუგდიდის ისტორიული ფოტოები ერმაკოვის არქივიდან [ფოტო]
საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფმა დიმიტრი ერმაკოვმა (1846-1916) მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის ათიანი წლების საქართველოს ხვადასხვა ქალაქებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების ფოტები შემოგვინახა. ერმაკოვის ფოტო ობიექტივში ზუგდიდის რამდენიმე ფოტოა მოხვედრილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ინახება. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
სადღესასწაულო შეკრება ზუგდიდში. გადაღების თარიღი უცნობია
დადიანების სასახლეთა კომპლექსი

მამლუქი სამურზაყანოდან, რომელმაც ეგვიპტე ოსმალებისგან გაათავისუფლა
უმძიმესი მე 18 საუკუნე იდგა. დრო როცა ტყვეთა სყიდვას მასობრივი ხასიათი მიიღო. სწორედ ამ ამბავმა მიიყვანა გალელი ბიჭი ეგვიპტეში.
1728 წელს სამურზაყანოში მართლმადიდებელი მღვდლის ოჯახში დაიბადა ბიჭი რომელსაც სახელად იოსები დაარქვეს.
1741 წელს გალის რაიონზე მოხდა ოსმალთა თავდასხმა რომლის დროსაც ოსმალებმა ააწიოკეს სამურზაყანო და უამრავი ადამიანი გაიტაცეს. მათ შორის იყო 13 წლის იოსები. ასე აღმოჩნდა ის სტამბოლის მონათა ბაზრობაზე. აქ ის იყიდა იბრაჰიმ კათხუდამ რომელიც მოიხიბლა ბიჭის ფიზიკური მონაცემებით და აგროვებდა ახალ მეომრებს მამლუქთა არმიისთვის და წაიყვანა ეგვიპტეში სადაც მას იძულებით მიაღებინეს ისლამი და ახალი სახელი დაარქვეს – ალი ბეი ალ-ქაბირი. ალი ბეი საოცრად ნიჭიერი აღმოჩნდა და ის მამლუქთა ელიტურ სასწავლებელში ჩარიცხეს, სადაც მან ბრწყინვალე სამხედრო და საერო განათლება მიიღო. 1748 წლიდან ის მამლუქთა სამხედრო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობს. მას იმდენად გამოუჩენია თავი რომ ოსმალთა სულთანმა 1757 წელს ის ეგვიპტის მმართველად დანიშნა.
როცა მან ეგვიპტე ჩაიბარა მას დახვდა არეული ფინანსები, დიდი კორუფცია, და ბედუინთა მასობრივი თავდასხმები. მან დაამყარა წესრიგი ფინანსებში და აავსო ხაზინა, აღკვეთა კორუფცია, სასტიკად დაამარცხა ბედუინები რომლის შედეგად გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე.
ხაზინის ავსებამ მისცა საშუალება დიდი სამშენებლო სამუშაოები დაეწყო, ქალაქების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, უპოვართა სახლების მშენებლობა და ა.შ. ამავე დროს მან ოსმალებისგან ცალკე დაიწყო რეგულარული არმიის ჩამოყალიბება და არტილერიით აღჭურვა. მას ახსოვდა ვინ გაყიდა ის ცხოველივით მონათა ბაზარზე და იცნებობდა ოსმალთათვის სამაგიერო გადაეხადა. მან გადაწყვიტა მისი მეორე სამშობლოსთვის ეგვიპტის მოეპოვებინა დამოუკიდებლობა.
1768 წლის სექტმბერში მან დაიწყო დიდი აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ. მან გაანადგურა ეგვიპტეში მდგარი ოსმალური არმია და გარნიზონები, გაანადგურა მის წინააღმდეგ გამოგზავნილი ელიტური იანიჩართა ჯარები. 1770 წელს მან ეგვიპტე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, თვითონ კი სულთნის ტიტული მიიღო.
1771 წელს ალი ბეი შეიჭრა სირიაში, დაამარცხა იქ მდგარი ოსმალური არმიები აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო. სირია მის კონტროლქვეშ გადავიდა. 1772 წელს მან გაანთავისუფლა პალესტინა დაამარცხა რა კიდევ ერთი ოსმალური არმია რომელიც მის წინააღმდეგ გამოგზავნეს. ოსმალეთის იმპერია ახლო აღმოსავლეთში კატასტროფის წინაშე დადგა.
როცა ოსმალებმა დაინახეს რომ ძალით ვერ ერევიან რელიგიურ ფაქტორი ჩართეს საქმეში ალი-ბეის წინააღმდეგ. მას გაუხსენეს მისი წარმოშობა, ის რომ მღვდლის შვილი იყო, დაადანაშაულეს რომ მუსლიმთა უმმაში სპეციალურად უნდა განხეთქილების შეტანა რათა ერთმორწმუნეებს ერთმანეთი დაახოცინოს. აგრეთგე გადაიჭირეს წერილები რომლებსაც ალი-ბეი ეკატერინე მეორეს უგზავნიდა. მაშინ ოსმალეთი დიდ ომს აწარმოებდა რუსეთის იმპერიასთან. ის ეკატერინეს დიდს სთავაზობდა მოკავშირეობას და ერთობლივ ლაშქრობას კონსტანტინოპოლზე. მას ეგვიპტის მოლლები აუჯანყეს რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა ქვეყანაში. 1773 წელს ქალაქ სალაჰიასთან გაიმართა დიდი ბრძოლა. ალი -ბეი არასდროს იმალებოდა ზურგში და ყოველთვის პირადად მონაწილეობდა ბრძოლებში. შუა ბრძოლისას ის მძიმედ დაიჭრა და შემდგომ მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა.
ლიდერის გარეშე დარჩენილი ეგვიპტის ეროვნული მოძრაობა დამარცხდა და ოსმალებმა 1786 წელს სრულიად აღადგინეს კონტროლი ეგვიპტეზე, მაგრამ დიდი ხნით ვერა. მე 19 საუკუნის 30 იან წლებში ოსმალეთი საბოლოოდ დაკარგავს ეგვიპტეს.
დროთა განმავლობაში კი ალი ბეი ეგვიპტის ეროვნულ გმირად და თავისუფლების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მადლიერმა ეგვიპტელებმა მას
“ორი ზღვის ყაენი” უწოდეს.
ასე იქცა შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული მეგრელი ბიჭი აფრიკისა და აზიის გზაგასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად და ახლო აღმოსავლეთის ლეგენდად. დღევანდელ ეგვიპტეში კი ის ახალი ეგვიპტის ერთ -ერთ ფუძემდებლად და დამაარსებლად მიიჩნევა!

როგორ აღწერა ჭაქვინჯის ციხე გერმანელმა მეცნიერმა მე-19 საუკუნეში
ცნობილმა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა კარლ ედუარდ ფონ აიხვალდმა (1825-1826) საქართველოში მოგზაურობისას მოინახულა იდუმალებით მოცული ჭაქვინჯის ციხე.
მეცნიერის აღწერით, კირქვიან მთაზე აღმართული ციხე-სიმაგრე გამოირჩეოდა მცირე ზომის კოშკებითა და სათოფურებით. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ცნობა ციხიდან 60 ნაბიჯის დაშორებით მდგარი მარტოხელა კოშკის შესახებ, რომელიც, გადმოცემით, ციხესთან მიწისქვეშა გვირაბით იყო დაკავშირებული! მიუხედავად იმისა, რომ დადიანის ნებართვის გარეშე ციხის ეკლესიაში ვერ შეაღწია, მისი დეტალური აღწერა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი.
ჭაქვინჯის ციხე – საქართველოს შუასაუკუნეების საგანძურია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ჭანისწყლის ხეობის მაღალ ბორცვზე აღმართული ჭაქვინჯის ციხე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ეს შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრე IV-XVII საუკუნეებში აშენდა და სამეგრელოს მთავართა – დადიანების სასახლესა და რეზიდენციას წარმოადგენდა. არქეოლოგიურმა გათხრებმა სამი ძირითადი სამშენებლო პერიოდი გამოავლინა: IV-VI, VIII-IX და XVI-XVII საუკუნეები.
დღეს ჭაქვინჯის ციხე ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც მნახველებს საქართველოს მდიდარ ისტორიასა და არქიტექტურულ მემკვიდრეობას აზიარებს.

ჭიაკოკონას კოლხური ისტორია – “მარაშნა”-ს წინა ღამე სამეგრელოში
მარიამობას სამეგრელოში “მარაშნა” ჰქვია. სწორედ მარაშნას წინა ღამეს იმართებოდა ჭეჭეთობა (ჭიაკოკონა) – წარმათობის პერიოდის ერთ-ერთი თავისებური გადმონაშთი, წეს-ჩვეულება, რომელიც ემსახურებოდა ავი სულების (მაზაკვალ-მჩხიბავების, ეშმაკების) განდევნას.
კოლხთა წარმოდგენით ავი სულები განსაკუთრებით ზაფხულობით მგლის, ძაღლის, კატის და სხვა ცხოველთა სახით დაძრწიან ქვეყანაზე და ვნებას აყენებენ ადამიანებს, მათ ნაშრომ – ნაჭირნახულევს ხვავსა და ბარაქას აცლიან. ჭეჭეთობის რიტუალი ტარდებოდა წელიწადში ორჯერ -ელიობას (20 ივლისს) და მარიამობას (მარიამობის) 15 აგვისტოს წინა ღამეებში. მასიური წარმოდგენით ამ დროებში ადამიანებში გამჯდარი იყო მზაკვრობის ძალა და მათ ცხოველთა სახეს აძლევდა. ამ მხეცებზე შჯდომის საშუალებას ანიჭებდა (ამიტომ, შეუძლებელის შემძლებელს – მგლის მხედარს – „გერიში -გიმახვენჯის“ უძახუდეს). ჭეჭეთობაზე უნდა გამოევლინებინათ მჩხიბავები და განედევნათ მათგან ეშმაკური ძალა რათა ადამიანებისათვის ვნება არ მიეყენებინათ.
ჭეჭეთობის რიტუალი სამი მთავარი მომენტისაგან შედგებოდა. პირველი იყო „გინორჩქილა“. სოფელში გულთმისნობით ცნობილი („მენცარი“) ქალი და კაცი. რომელიც ჭრელ – ჭრელად მოირთვებოდნენ (აქედან რიტუალის სახელწოდებაც „ჭერჭეთყოფა“- ჭრელყოფნა) თავს იყრიდნენ მაღლობ ადგილზე. ყურს მიუგდებდნენ თითოეულ ოჯახს და ამით იგებდნენ წლის განმავლობაში სად ვინ უნდა მომკვდარიყო + საიდანაც შეშის პობის ხმას გაიგონებდნენ და ნაჯახის ცემა ნელი იქნებოდა – მოხუცი მამაკაცი უნდა მომკვდარიყო. თუ ნაჯახის ცემა აჩქარებული იქნებოდა – ახალგაზრდა კაცი მოკვდებოდა. საიდანასც ღომის საცეცხველის ხმა გაისმოდა კაკუტების ნელი ცემით დედაბერი მოკვდებოდა. კაკუტების ჩქარი ცემით – ახალგაზრდა ქალის სიკვდილი იყო მოსალოდნელი. შემდეგში ამ „გადაყურების“ შედეგები, სოფელში ჩუმი მითქმა-მოთქმის საგანი ხდებოდა.
„ჭეჭეთობის“ მეორე უმთავრესი ეპიზოდი იყო ავი სულების განდევნა ცეცხლ-კოცონის საშუალებით -მაღლობებზე „გადაყურების“ შემდეგ წინასწარ მოგროვილი ფიჩხის კოცონს აჩაღებდნენ (ჭიაკოკონა) და თითოეული დამსწრე კოცონს ზედ გადაახტებოდა, რათა ცეცხლის ალს თვით იღლიიდანაც გაედევნა ეშმაკი და ავი სული ცეცხლთან თამაშის დროს. მღერობდნენ სიმღერას რომელშიაც ნათქვამი იყო მჩხიბავთა საქმიანობაზე. საწნახელებით „ტაბაკონაში“ გაჯირითებაზე და მათი თვალების გავარვარებული შამფურებით ამოწვაზე.
მესამე და დასკვნითი ეპიზოდი სხვადასხვანაირი იყო ელიობის „ჭეჭეთობის“ მეორე დღეს (ძ. სტ. 20 ივლისს) ოჯახის უფროსი აწყობდა ეზო-კარმიდამოს „დაჯვარვას“ (ქეჯვარობას). რათა ჯვარი წერებოდა მას და რომელიმე მჩხიბავს ვნება არ მიეყენებინა , ხის მაღალ ჯვარს ასობდა ეზოს წინა, ყანისა თუ ვენახის თავში; ჯვარზე ჩამოკიდებდა რაიმე რკინეულს- ნალებს, ან სამეურნეო იარაღის (ბარის, თოხის) ნატეხს რათა ავი თვალი უვნებელი გაეხადა. (მორგალე) ჯვარსობისას წარმოთქვამდნენ ლოცვას „ჩანა, ჩანა, ხვარიელი ყვანა“(ცენება, ცენება, ხვავიანი ყანა) და „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩქიმ ყვანას დუდელია, შხვაშ ყვანას ფურცელია“ (თავიანა, თავიანა, ჩემს ყანაში თავთავიო, სხვის ყანაში ფოთოლიო).
მარიამობის ჭეჭეთობიდან დაბრუნებულნი, როგორც ეშმაკებისაგან გაწმენდილნი, უდარდელად იძინებდნენ. მაგრამ ოჯახის დედა მათ მალულად ცვლის სანთელს აწებებდა თმაში, რითაც წლის განმავლობაში დაცული იქნებოდა ეშმაკებისა და ავი გულთვალისაგან.

ზუსტად 104 წლის წინ საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა
ზუსტად 104 წლის წინ, 1920 წლის 24 ივლისს, საქართველოს სახელმწიფო ბანკი საქმიანობას შეუდგა, მისი მმართველი კი იასონ ლორთქიფანიძე გახდა. ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, დადგა. კანონი “სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ” დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 31 დეკემბერს მიიღო, თუმცა სახელმწიფო ბანკი, მთავრობის მიერ კანონის მიღებიდან 7 თვის დაგვიანებით, 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა.
,,2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა. 2022 წელს კი, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა.
ასევე, სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს კი მისი სახელი მიენიჭა” – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ℹ️ ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ სხედან – 1. აკაკი ჩხენკელი 2. გრიგოლ ლორთქიფანიძე 3. რაჟდენ არსენიძე 4. იასონ ლორთქიფანიძე 5. ნოე რამიშვილი 6. ალექსანდრე ლომთათიძე 7. ნიკოლოზ ელიავა 10. პარმენ ჭიჭინაძე 11. ივანე ჭავჭანიძე | მარცხნიდან მარჯვნივ დგანან – 5. რაჟდენ დუმბაძე 7. გიორგი ჟურული.
![როგორ იგეგმებოდა ცაიშში ახალი ზუგდიდის მშენებლობა [ლაშა ჯიქიას ისტორიული ამბები]](/_next/image?url=https%3A%2F%2Fapi.stv.ge%2Fuploads%2F2024%2F06%2FIMG_4102-960x611.jpeg&w=3840&q=75)
როგორ იგეგმებოდა ცაიშში ახალი ზუგდიდის მშენებლობა [ლაშა ჯიქიას ისტორიული ამბები]
როგორ იგეგმებოდა სოფელ ცაიშში ახალი ზუგდიდის მშენებლობა, ამის შესახებ ისტორიკოს ლაშა ჯიქიას ისგორიული ამბებიდან შევიტყობთ:
,,1872 წელს ზუგდიდი პანიკამ მოიცვა. ქალაქში ხმა დაირხა, რომ დაბა ზუგდიდს სხვაგან გადატანას უპირებენო. ზუგდიდელების შეშფოთება გამოიწვია იმან, რომ აქ უკვე არსებობდა 200 -ზე მეტი შესანიშნავად ნაგები ოდა და ქვითკირის სახლები, ქვის დუქნები და ხის სახელოსნოები. კარგად ვითარდებოდა ვაჭრობა და ხელოსნობა. ამის შესახებ გაზეთ ,,დროებაში” (1873, წ. #5) მოგვითხრობს ერთი უცნობი ზუგდიდელი: ,,ამბობენ, რომ ჩვენს პატარა ზუგდიდს მომავალში უბედურება მოელის – ანგრევას უპირებენო. მართებულობას დიდი ხანია მიწერ-მოწერა აქვს ზუგდიდის სხვა ადგილზე გადატანის თაობაზედ, მაგრამ ჯერ არავითარი დაბოლოვებითი განკარგულება არ მომხდარა. ამის მიზეზი, როგორც ამბობენ ის არის, რომ დაბა ზუგდიდი თავად მინგრელსკის საკუთარ ადგილზე არის გაშენებული. არ ვიცით ნამდვილად, სად უპირებენ ახალი ქალაქის გაშენებას… მაგრამ ზუგდიდიდან რვა ვერსტზედ, სამხრეთის მხარეს, სოფელ ცაიშში, საეკლესიო მამულზედ, სახელმწიფო ხარჯით გააკეთეს დიდი ქვის შენობა, რომლიც სალდათების სადგომად დაუნიშნავთ. აი, ამან აგვაღებინა აქაურებს ეჭვი, რომ სოფელ ცაიშში უპირებენ ახალი ქალაქის გაკეთებას, რომელსაც დაარქმევენ ახალ ზუგდიდს…
ზუგდიდის ისტორიის უბადლო მკვლევარ, აბესალომ ტუღუშს თავის მონოგრაფიაში მოჰყავს ერთი დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს რომ მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში ქალაქ ზუგდიდის გადატანა იგეგმებოდა სავარაუდოდ სოფელ ცაიშში და ამისათვის საეკლესიო მიწაზე სახელმწიფოს აუშენებია დიდი ქვის შენობა ჯარისკაცებისათვის (ა. ტუღუში ნარკვევები ზუგდიდის ისტორიიდან, თბილისი 2012 წ., გვ. 53-54).
ზუგდიდელთა აქტიური მონდომებით ქალაქი ზუგდიდი დარჩა თავის ადგილზე, ისევე როგორც ქვის შენობები სოფელ ცაიშში, თუმცა მათი კვალი დროთა განმავლობაში წაიშალა და აღარც აქ მცხოვრები მოსახლეობის მეხსიერებას შემორჩა ცნობა მათ შესახებ.
საინტერესოა, თუ კონკრეტულად სად იგეგმებოდა ქალაქ ახალი ზუგდიდის მშენებლობა?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებული ზოგადი გადმოცემები ქალაქის მშენებლობას სადღაც ცაიშის მიდამოებში მიგვითითებდა, მაგრამ თუ რა არეალს მოიცავდა ის ამ დრომდე უცნობი იყო.
2022 – 2023 წლებში, ცაიშის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი), ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, თბილისი – სენაკი – ზუგდიდის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სოფელ ცაცხვში, მდ. ჯუმის ხიდიდან 300 მ.-ის დაშორებით, კერძო მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთში მიაკვლია მასიურ შენობა-ნაგებობათა კვალს. ამავე ტერიტორიაზე გაითხარა შენობა, რომელიც ხისა უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის (თიხის ჭურჭელი, რკინის ლურსმნები, გაურკვეველი დანიშნულების ნივთები და სხვა) აღმოჩნდა რუსეთში რომანოვების მეფობის 300 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო მედალიონი. ეს მედალიონი უნდა ყოფილიყო რომელიმე რუსი ოფიცრის საკუთრება. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა გაფართოებული არქეოლოგიური სამუშაოები, როგორც ცნობა მიუთითებს ეს შენობა-ნაგებობები მეცხრამეტე საუკუნეში აუგიათ. ამას ადასტურებს არტეფაქტებიც, მათ შორის დადიანისეული სერვიზისთვის დამახასიათებელი დეკორით შემკული ფაიფურის თეფშის მცირე ფრაგმენტები.
გრაფიკულად, აქ არსებული შენობების მხოლოდ საძირკვლებია შემორჩენილი, თუმცა კარგად იკითხება მათი მასშტაბურობა. მასიური ზომის საძირკვლები აშენებულია რიყის და კირქვების უფორმო, მოზრდილი ნამტვრევებით და ჩაჭრილია კირქვიან გრუნტში. ქვები ერთმანეთთან კირის დუღაბითაა შეერთებული, ალაგ-ალაგ საძირკვლის ქვეშ ბრტყელი აგურის ფრაგმენტებიც ყოფილა დატანებული.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოჩნდა დიდი ქვის შენობა და მასთან დაკავშირებული, დამხმარე სამეურნეო ნაგებობების კომპაქტური განლაგება. როგორც ირკვევა ახალი ქალაქის მშენებლობა ერთბაშად მიუტოვებიათ და დროთა განმავლობაში არსებული შენობა – ნაგებობები თანამედროვე სახლებისთვის საძირკვლის ასაშენებლად გამოუყენებიათ” – წერს ისტორიკოსი ლაშა ჯიქია.

ორი ლეონ შენგელია ზუგდიდის ისტორიაში
1918-1921 წლებში ზუგდიდის მაზრის ერობის ხმოსნთა შორის ორი ლეონი ირიცხებოდა, ორივე შენგელაია, თუმცა მამის სახელებითა და რაც მთავარია პარტიული კუთვნილებით რადიკალურად განსხვავდებოდნენ.
ერთი ლეონ შენგელაია ცნობილი პოლიტიკოსი იყო, სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის ლიდერი და დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი…
მეორე ლეონ შენგელაია კი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია უფრო მეტად როგორც მწერალი და სამწუხაროდ ნაკლებად ვიცნობთ მის პოლიტიკურ საქმიანობას.
ამ ადამიანს ჩვენ ლეო ქიაჩელის სახელით უფრო მეტად ვიცნობთ. ლეო ქიაჩელი (ლეონ შენგელაია), სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი იყო, შედიოდა სოციალ-დემოკრატების ავტონომისტთა ფრაქციაში „ალიონი“.
1918 წელის ზუგდიდის მაზრის ერობის ხმოსანთა არჩევნებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. არჩევნების შემდეგ გახდა მაზრის ხმოსანი, ამასთანავე აირჩიეს სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარედ.
ლეო ქიაჩელი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა ზუგდიდის მაზრას, ხელმძღვანელობდა საავადმყოფოების, სკოლებისა და ბიბლიოთეკების შექმნას, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
ფოტო ზუგდიდის სამაზრო ერობის შენობაში ლეო ქიაჩელის სამუშაო კაბინეტშია გადაღებული.
წყარო: მეოცე საუკუნე

ზუგდიდში პირველი წიგნსაცავისა და სამკითხველოს გახსნიდან 112 წელი გავიდა
1912 წლის 19 მაისს, ქალაქ ზუგდიდში, სასტუმრო ,,ოდიშის” წინ, შუა სკვერში, ,,წიგნსაცავი – სამკითხველო” გაიხსნა, რისთვისაც კვითკირის პატარა შენობა აშენდა.
,ბიბლიოთეკის გახსნაზე მოწვეულ იქნა აკაკი წერეთელი. არსებობს რამდენიმე ხელნაწერი, საგაზეთო სტატია და წიგნი, სადაც აღწერილია ზუგდიდში ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნაზე. ისტორიული წყაროების ნიხედვით 1912 წლის ვითარებას აღწერს ზუგდიდის ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი ბესიკ არახამია.
,,19 მაისს, დილის 10 საათზე, ეტლით მომავალ მგოსანს სოფელ ცაიშში უამრავი ხალხი შეეგება. ეს შეხვედრა ნამდვილ სახალხო დღესასწაულად გადაიქცა… ქალაქის შესასვლელთან აკაკის დახვდა ნიკო ბერიძის პატარა გოგონა, კორნელია, რომლის სახელი წლების განმავლობაში უცნობი იყო, მან მგოსანს ცოცხალი ყვავილებისაგან გაკეთებული ლირა მიართვა… ამ დღიდან გავიდა 112 წელი” – წერს ბესიკ არახამია.


