ბოლო ჩანაწერები
კატეგორიები
ამბები აფხაზეთიდან
140
ამბები სამეგრელოდან
1769
ამბები სვანეთიდან
105
არჩევნები
355
ახალი ამბები
4408
დღის ამბები
2777
დღის ფოტო
86
ეკონომიკა
136
ვიდეო ამბები
93
ინტერვიუ
2
ისტორიული ამბები
26
კულინარია
9
კულტურა
333
მთელი კვირა
1
მსოფლიო
135
პოლიტიკა
932
რეკლამა
697
საზოგადოება
235
სამართალი
193
სპორტი
245
სხვა ამბები
85
ფოტორეპორტაჟი
38
ყვითელი ამბები
12
წარმატების ისტორია
10
ჯანდაცვა
2

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოება მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 ათასი ლარი გადაეცა სენაკის ჟიული შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნარგიზ თავართქილაძეს.
ღონისძიებას საქართველოს პრეზოდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გაანთლების მინისტრი და პედაგოგები ესწრებიან.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მცენარეთა კოლექციების მართვის განყოფილების უფროსი ლარისა თირქია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავიგ სონღულაშვილმა დააჯილდოვა. ლარისა თირქიას ჯილდო ტყისა და მცენარეთა სამყაროს წინაშე გაწეული მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის გადაეცა.
დაჯილდოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაამრთულ მეტყევის დღეზე მოხდა. ღონისძიების ფარგლებში, ტყის დაცვისა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სხვადასხვა უწყების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის საქმეში მათი ყოველდღიური შრომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
„გვინდა საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება:
მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, 1 იანვრიდან გახდება 415 ლარი.
აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
მინდა შეგახსენოთ, რომ სოციალური ხარჯების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში 33 პროცენტს აღემატება. 2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე - 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოციალურ ხარჯებზე სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედია გამოყოფილი. ეს ნიშნავს, რომ სოციალური ხარჯები უკვე დასაშვები ნორმის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციების ზღვარზეა. აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა.
ამასთან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, ჩვენ მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ვეცდებით, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გავუზარდოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ფოთის მერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტად გრძელდება.
„ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ.
პედაგოგის შრომის მნიშვნელობას ხშირად წლების შემდეგ უფრო კარგად ვიაზრებთ. ერთი სიტყვა, რჩევა, მხარდაჭერა თუ დამოკიდებულება ხშირად დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. ეს ყველაფერი კი სკოლამდე ბევრად ადრე, საბავშვო ბაღიდან იწყება.
სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგებისა და აღმზრდელების შრომის დაფასება, ისე მათთვის და ჩვენი ბავშვებისთვის ღირსეული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
გილოცავთ დღევანდელ აღიარებას და მადლობა თითოეულ თქვენგანს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით.
თქვენი წარმატება ჩვენი ბავშვების წარმატებაა, მათი განათლება და განვითარება კი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლის საფუძველია“- განაცხადა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე, - განაცხადა ქადაგებისას პატრიარქმა შიო მესამემ მარტვილში, სადაც დავით აღმაშენებლის აღმზრდელის გიორგი ჭყონდიდლის ისტორიულ ღვაწლს გაუსვა ხაზი.
პატრიარქმა ჭყონდიდელობის საერო და ეკლესიურ დღესთან დაკავშირებით ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
„გიორგი ჭყონდიდელმა აღუზარდა ქვეყანას არა მხოლოდ დიდი მეფე და პოლიტიკოსი, არამედ დიდი ქრისტიანული სულიერების მქონე მმართველი. რომ არა გიორგი ჭყონდიდელი, არ გვეყოლებოდა ასეთი დავით მეფე [აღმაშენებელი]. რომ არა ის, არ დაგვიდგებოდა ოქროს ხანა, რომლითაც ყველა ვამაყობთ. დღეს ვიმყოფებით ძალიან წმინდა ადგილას, მარტვილის დიდებულ მონასტერში, სადაც მოღვაწეობდა წმინდა გიორგი ჭყონდიდელი, სადაც მასთან პირადად მოდიოდა დავით აღმაშენებელი, ეკითხებოდა მას რჩევებს, იღებდა ლოცვა-კურთხევას, თათბირობდნენ, ოთახიც კი მიაშენეს ამ ტაძარს, სადაც განმარტოვდებოდნენ და საუბრობდნენ საქვეყნო საქმეებზე“, - აღნიშნა პატრიარქმა.
წირვა დილის 10:00 საათზე დაიწყო და მას მრევლთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის სასულიერო პირები დაესწრნენ.

ბიოტექნოლოგიების ბანაკი მესტიაში წარმატებით დასრულდა. ბანაკის დახურვისა და მონაწილეთა დაჯილდოების ღონისძიებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი ნადარაიამ მიიღო მონაწილეობა.
6 დღის განმავლობაში მესტიამ 100 ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლა. ბანაკში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული 15-17 წლის მოზარდები, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები.
მონაწილეები გაეცნენ ბიოტექნოლოგიის თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და სხვადასხვა სფეროში მის გამოყენებას. თეორიული და პრაქტიკული აქტივობების ფარგლებში ისინი რეალურ გამოწვევებზე მუშაობდნენ, ავითარებდნენ იდეებს და ქმნიდნენ საკუთარ პროტოტიპებს.
ბანაკის დასასრულს ახალგაზრდებმა ნამუშევრები გამოფენის ფორმატში წარმოადგინეს, მიიღეს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდებში ბიოტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივება, თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობების გაცნობა და შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება.
ბანაკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართა.

ზუგდიდის მერიის შინმოვლის პროგრამის უფრო ეფექტური განხორციელებისათვის, მატერიალური ბაზა სრულად განახლდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი მობილური ჯგუფი მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს არაერთი მიმართულებით ეხმარება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, პროგრამის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,ჩვენი გუნდისთვის სოციალური პოლიტიკა ნიშნავს, პირველ რიგში, ადამიანების საჭიროებებზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, რომ არც ერთი ადამიანი არ დარჩეს ყურადღების მიღმა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერა, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი ყურადღება და თანადგომა სჭირდებათ. ეს პროგრამაც სწორედ ამას ემსახურება.
პროგრამა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წელიწადში 50 000 ლარით ფინანსდება, მისი კიდევ უფრო გაძლიერება ავსტრიის განვითარების სააგენტოს, Action Against Hunger-ის, ზუგდიდის LAG-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. შევიძინეთ ახალი მობილური მანქანა და შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვეთ. რაც საშუალებას გვაძლევს, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა გავაორმაგოთ - ისინი სერვისს თვეში რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით იღებენ"-აღნიშნა ზუგდიდის მერმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელმაც ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი 2017 წელს დანერგა.
აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს მარტოხელა და მარტომცხოვრებ ხანდაზმულთა შინმოვლას ადგილზე ვიზიტით, სანიტარულ-ჰიგიენური პირობებისა და საკარმიდამო ნაკვეთის მოწესრიგებას, ექიმის კონსულტაციას და პირველადი მედიკამენტების მიწოდებას, ბენეფიციარის პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას და სალონურ მომსახურებას, ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, საინფორმაციო უზრუნველყოფა/კონსულტაციას სოციალურ, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების შესახებ.
2019 წელს „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში 5 საუკეთესო პროექტს შორის დასახელდა და სპეციალური ჯილდო მიიღო.
მობილურმა ჯგუფმა 4000-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიაზე განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და 15 სექტემბერს დასრულდება.
,,მერის სტიპენდია ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, როგორც ადგილობრივ, ასევე დევნილ სტუდენტებზე, რომლებიც საქართველოში არსებულ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში - საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლობენ” - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წარსადგენი დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი და კრიტერიუმები შეგიძლიათ იხილოთ: https://shorturl.at/KOq1t

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელიც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა თავად კი წყალმა გაიტაცა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელით გმირები ხდებიან - ასეთია ირაკლი მაქაცარია, რომელმაც სქურის ხეობაში დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ადიდებულ მდინარეს სასწაულებრივად გადაურჩა. ირაკლის სამძებრო სამუშაოების პერიოდში ყველა შეგვძრა ისტორიამ, რომელსაც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თუ როგორ შევიდა წყალმოვარდნის დროს მდინარეში ადამიანი, დედა-შვილის გადასარჩენად, თავად კი წყალმა გაიტაცა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის!
ირაკლი მაქაცარია გახდა თავგანწირვის და სიმამაცის სიმბოლო. მადლობა მას ამ გმირობისთვის! ჩემთვის პატივი იყო დღეს ირაკლისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მემასპინძლა და გმირული საქციელისთვის მადლობა გადამეხადა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს 40 ზუგდიდელი ახალგაზრდა შეუერთდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, ბანაკში ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მათი იდეები მოისმინა. მერმა ახალგაზრდებთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით ზუგდიდის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტშია ჩართული. ზუგდიდელი ახალგაზრდები ბორჯომის სკაუტურ ბანაკში იმყოფებოდნენ, ასევე ახლაგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად ორგანიზებულ ტექნოლოგიურ ბანაკში მიიღონ მონაწილეობა.
დავით კოდუას განცხადებით, ახალგაზრდული მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
,,ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი მიმართულებაა! მათი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მომავალი თაობის ხელშეწყობა არის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, როგორც ცენტრში ასევე ადგილობრივ დონეზე, რასაც არაერთი პროექტითა და პროგრამით ვამტკიცებთ, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც 3000 სტუდენტზეა გათვლილი" -აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა.
წელს ანაკლიის ბანაკი 2 640 ახალგაზრდას, მათ შორის 720 სკოლის მოსწავლესა და 1 920 სტუდენტს უმასპინძლებს. ბანაკი მიზნად ისახავს ახალგაზრდების არაფორმალური განათლების, სოციალური ინტეგრაციის, ლიდერული, სპორტული და კულტურული უნარების განვითარებას. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს.

ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. ონფორმაციას საავტომობილო გზები დეპარტამენტი ავრცელებს. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა.
გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 4.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ფოთის მუნიციპალიტეტმა ფოთში დაბადებული ახალშობილების ოჯახებისთვის 2 000-ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა დაიწყო.
პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელია:
ახალშობილის დაბადების მოწმობაში დაბადების ადგილად მითითებული იყოს ქალაქი ფოთი;
ახალშობილის მშობლები განცხადების წარდგენამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში უწყვეტად იყვნენ რეგისტრირებულნი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში. რეგისტრაციის წყვეტის შემთხვევაში, ისინი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოთხოვნა არ ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე, რომელთა დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად მითითებულია ქალაქი ფოთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს:
(0493) 22 06 38.
პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://tinyurl.com/yfhycp6e

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ, ლანა ლატარიას ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილს პანაშვიდი გადაუხადა. შესაბამის ინფორმაციას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ავრცელებს:
,,ამა წლის 5 აგვისტოს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს მიუსამძიმრა და გარდაცვლილის სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია საზოგადოებას სთხოვს, რომ თავი შეიკავოს კომენტარებისაგან და ვილოცოთ ლანა ლატარიას სულის ცხონებისთვის” - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2026 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის სრული დაფინანსებით ისარგებლებენ, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2026 წლის 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური ფორმით გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში (მისამართი: გორი, ფერაძის ქ. N5; თბილისი, პეტრე ქავთარაძის ჩიხი N1) და ელექტრონული ფორმით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ვებგვერდზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.
ცენტრის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პერიოდში სასურველია დღის ყველაზე ცხელ საათებში ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება.
სპეციალისტები მოსახლეობას საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას. ასევე, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, დილის საათებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება ღამისა და დილის საათებში.
სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებას, ასევე ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია – საქართველოს სკაუტების“ ორგანიზებით, 35-მა ახალგაზრდამ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხდღიან ახალგაზრდულ ბანაკში დაისვენა.
ბანაკიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და მერის პირველი მოადგილე ნუგზარ გაბელია დახვდნენ.
ახალგაზრდებმა მერს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და პროექტის განოხრციელებისთვის მადლობა გადაუხადეს.
„საქართველოს სკაუტების“ და ჩვენი მუნუციპალიტეტის მერიის მხარდაჭერთ, ბორჯომში გამართული ოთხდღიანი ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. ბანაკში ზუგდიდან 35 ახალგაზრდა იყო ჩართული.
ახალგაზრდებმა ბანაკის ფარგლებში სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ეს დღეები მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობის, ლიდერული უნარების, პასუხისმგებლობის და კომუნიკაციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებითაც.
ახალგაზრდების მხარდასაჭერად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და სპორტულ ინიციატივებს, რომლებიც მათი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას და პოტენციალს განვითარებას უზრუნველყოფს. ეს არის საშუალება, ახალგაზრდებმა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, დაამყარონ ახალი კავშირები და აქტიურად ჩაერთონ არაფორმალური განათლების პროცესში.
ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი ნათელი მაგალითებიც ამ მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე არაერთი პროექტია. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ანაკლიაში ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკი, სადაც 2 640 ახალგაზრდა დაისვენებს, მათ შორის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშომლობით ასევე ვაწყობთ ტექნოლოგიურ კვირეულს, რომელიც ახალგაზრდების ტექნოლოგიურ და სტარტაპ მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვყავს განათლებული და მიზანმიმართული ახალი თაობა, რომელთა სხვასხვა მიმართულებით განვითარებისთვის შევქმნით კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას, რადგან სწორედ ეს თაობა არის ჩვენი ქვეყნის და ქალაქის უკეთესი მომავალის წინაპირობა” - წერს ზუგდიდის მერი.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან დასაქმდა სახელმწიფო უწყებაში, სადაც სტაჟირება გაიარა.
„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე სოფლის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.
ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში.
სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა მიმდინარე წელს პირველად ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას. ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები, ხოლო პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდიში საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აღავლენს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან დილის 08:30 საათზე გამოაბრძანებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსან სამოსელს. სიწმინდე საზეიმო ლიტანიობით გადაბრძანდება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში, სადაც 10:00 საათზე დაიწყება სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.
საღმრთო ლიტურგიას აღავლენს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად! - წერია ზუგდიდისა და ცაიში ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღვთისმშობლის სამოსელი მთელი დღის განმავლობაში დაბრძანებული იქნება ტაძარში.

სამეცნიერო ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“ (Globalization and Business) "ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორისა და ვიცე-რექტორის რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო სტატია - "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ (Disinformation and Its Impact on Society: The Case of the Russia-Ukraine War) გამოქვეყნდა.
სამეცნიერო სტატია ინგლისურ ენაზე ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესის“ 2026 წლის მე-11 ტომის 21-ე ნომერში გამოქვეყნდა და 156-170 გვერდებს მოიცავს.
ნაშრომში ავტორი დეზინფორმაციას თანამედროვე გეოპოლიტიკაში ძალაუფლების, საზოგადოებრივი აზრის კონტროლისა და სტრატეგიული გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილავს. კვლევის ძირითად მაგალითს რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც გაანალიზებულია დეზინფორმაციის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგები.
სტატიაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ პროპაგანდის დამხმარე საშუალება აღარ არის. იგი სახელმწიფო მართვის, ნარატივების კონტროლისა და ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელსაც საზოგადოებრივი აღქმის შეცვლა, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება და სამხედრო აგრესიის გასამართლებელი საინფორმაციო გარემოს შექმნა შეუძლია.
რაულ ქირია კვლევაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის შიდა და გარე საინფორმაციო სტრატეგიებს. ავტორის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებისთვის დეზინფორმაცია არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოებზე ზემოქმედების, არამედ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონტროლისა და საზოგადოებრივი რეალობის ხელოვნურად კონსტრუირების ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.
ნაშრომში განხილულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტება და საერთაშორისო ინსტიტუტების შეზღუდული შესაძლებლობები იმ პირობებში, როდესაც აგრესორი სახელმწიფო დეზინფორმაციის საშუალებით ომის შესახებ საერთო და ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის განადგურებას ცდილობს.
კვლევის თანახმად, ფაქტებსა და გამოგონილ ინფორმაციას შორის ზღვრის მიზანმიმართული წაშლა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ინსტიტუციური ნდობის საფუძვლებს. დეზინფორმაციის შედეგად რთულდება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება.
სტატიაში ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი უკრაინული საზოგადოების მდგრადობა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს მედიის წიგნიერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებისა და სანდო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნის მიხედვით, დეზინფორმაციას მშვიდობიან პერიოდში საზოგადოების დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური პროცესების მართვის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ომის დროს მისი ეფექტიანობა მცირდება, როდესაც ადამიანები უშუალოდ აწყდებიან რეალურ მოვლენებსა და მათ შედეგებს.
რაულ ქირიას სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოპოლიტიკას, რუსეთ-უკრაინის ომს, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციას.