დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ირაკლი მაქაცარიას შეხვდა, რომელიც სქურის ხეობის ადიდებულ მდინარეში დედა-შვილის გადასარჩენად შევიდა თავად კი წყალმა გაიტაცა. დავით ვერავამ გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ირაკლი მაქაცარიას მადლობა გადაუხადა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქციელით გმირები ხდებიან - ასეთია ირაკლი მაქაცარია, რომელმაც სქურის ხეობაში დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა და ადიდებულ მდინარეს სასწაულებრივად გადაურჩა. ირაკლის სამძებრო სამუშაოების პერიოდში ყველა შეგვძრა ისტორიამ, რომელსაც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, თუ როგორ შევიდა წყალმოვარდნის დროს მდინარეში ადამიანი, დედა-შვილის გადასარჩენად, თავად კი წყალმა გაიტაცა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს გაწეული სამუშაოსთვის!
ირაკლი მაქაცარია გახდა თავგანწირვის და სიმამაცის სიმბოლო. მადლობა მას ამ გმირობისთვის! ჩემთვის პატივი იყო დღეს ირაკლისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მემასპინძლა და გმირული საქციელისთვის მადლობა გადამეხადა“ - აღნიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.











