როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს სვანეთში

ახალი წლის ღამეს სვანები მეკვლეს უმზადებდნენ სხვადასხვა სანოვაგით სავსე გიდელს და მას სახლის კარზე კიდებდნენ.
გარკვეულ სოფლებში არსებული ტრადიციით, მეკვლეს, ამინდის მიუხედავად, ახალი წლის წინა ღამე გარეთ უნდა გაეთენებინა, რათა მომდევნო დღეს ოჯახში 1განწმენდილი" შესულიყო და "კარგი ფეხი" შეეტანა. სვანეთში მეკვლე სახლის კარზე კაკუნისას ამბობდა სიტყვებს: "კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!" შემდეგ კი სახლში შესვლის დროს სამჯერ შემოუვლიდა კერას, შეჰქონდა ტკბილეული და ვერცხლის ფული.
სვანეთში საახალწლო სუფრა სახასიათო კერძებით გამოირჩეოდა. აქ დღესაც საგულდაგულოდ ამზადებენ ხორცეულს: კუბდარს, კუპატებსა და ზისხორას. აცხობენ ტკბილ კვერებს, ხაჭაპურს, ფეტვრასა და ფხლოვანს.
ძველად სვანეთში არსებობდა ასეთი საახალწლო რიტუალიც, როცა ოჯახის რამდენიმე წევრი გამთენიისას დგებოდა და სხვებისგან უჩუმრად, სანოვაგით სავსე გიდელთან ერთად, რჩეული ხარიც მიჰყავდათ სახლიდან. ხარს წყალს დაალევინებდნენ და უკან დაბრუნებისას თოვლის ზვინს დგამდნენ კალოზე, რომლის შუაგულშიც ნაძვის ხეს ჩასვამდნენ. ასეთ მორთულობას გარს შემოუვლიდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ბრუნდებოდნენ შინ. მიიჩნეოდა, რომ ეს რიტუალი ბედნიერი და მოსავლიანი წლის მომტანი იყო.






