სენაკის მერიის ახალგაზრდულმა საბჭომ კონკურსში გამარჯვებული პროექტი განახორციელა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდულმა მრჩეველთა საბჭომ, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2026 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი „იპოვე შენი პროფესია | FIND Your Path“ წარმატებით დაასრულა. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.
სენაკის ტექნოპარკში გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებმა განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები წარადგინეს.
ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი ახალგაზრდების პროფესიული თვითგამორკვევისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.
პროექტი, რომელიც ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე საგრანტო გამარჯვებაა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის ტექნოპარკის პარტნიორობით განხორციელდა.











