40 წლიანი ლოდინის შემდეგ, წალენჯიხის სოფელ ჯგალში უწყვეტი წყალმომარაგება იქნება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯგალის მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება. ეს გადაწყვეტილება გასულ თვეს იქნა მიღებული, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ზარქუა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ვერავასთან ერთად იმყოფებოდნენ და სოფელ ჯგალში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ჯგალელებს წყლის პრობლემა 40 წელია აწუხებთ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ სოფელ ჯგალში წყალმომარაგების სისტემის საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე 400 ათას ლარზე მეტი ღირებულების მქონდე ტენდერი, მიმდინარე წლის, 29 ივლისს გამოაცხადა და შემდეგ თვეში, 25 აგვისტოს დასრულდება.
პროექტირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე, დაიწყება მეორე ეტაპი და დაახლოებით 6 მლნ ლარის მოცულობის ტენდერიც გამოცხადდება, რომელიც უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას გულისხმობს.
აღნიშნულ პერიოდში, ინფრასტრუქტურის მინისტრი, პარლამენტარ, ირაკლი ზარქუასთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ასევე, გაეცნო წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის შიდასახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაციის პროცესს. სადაც, 14-კილომეტრიანი მონაკვეთიდან 7 კმ-ის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, დანარჩენ ნაწილზე კი პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს.





