ხობის მერია: მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ

ხობის მუნიციპალიტეტის მერია „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს, სადაც ორგანიზაცია, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს სს “არქეოპოლისი” მორგებულად აცხადებს.
„ხობის მერიამ გზების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე ტენდერი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად გამოაცხადა და სატენდერო პირობები მორგებული არ ყოფილა არცერთი კომპანიის ინტერესებზე.
ერთგვარი სამუშაოების დაჯგუფება მიღებული პრაქტიკაა შესყიდვებში და მას ხშირად იყენებენ შემსყიდველი ორგანიზაციები.
ხოლო, რაც შეეხება ანალოგიის პრინციპს – აღნიშნულის დაანგარიშება ხდება შესაბამისი ფორმულით, სადაც გათვალისწინებულია ვადა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება და სხვა მაჩვენებლები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს მეტი კომპეტენცია გამოიჩინონ და ნუ ახდენენ ტყუილის ტირაჟირებას“ – აცხადებენ ხობის მერიაში.




