საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ჩავარდნის გამო ანა წითლიძეს აეროპორტში ,,მონას“ ძახილით დახვდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციის ჩავარდნის შემდეგ ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების საქართველოში ჩამოსვლა ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია.
მოქალაქეთა ნაწილი ანა წითლიძეს და გიორგი ვაშაძეს აეროპორტში დახვდა და მათ რეზოლუციის არდაჭერის გამო მონები უწოდეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
ევრონესტზე, რომელსაც ევროპის პოლიტიკური ცენტრი მასპინძლობს, ცალკე რეზოლუციის მიიღება სამი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას წარმოადგენდა, თუმცა რეზოლუციის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას ხელი ოპოზიციამ საკუთარი უარით შეუშალა.
განცხადება მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გააკეთა და ოპონენტები ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.
ევრონესტზე საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი ანა წითლიძემ, გიორგი ვაშაძემ, გიორგი ბოტკოველმა და თამარ კორძაიამ არ დაუჭირეს.




