მესტიას პირველად მუნიციპალური ავტობუსები ყავს

მესტიის მუნიციპალიტეტს პირველად მუნიციპალური ტრანსპორტი ყავს. მესტიას 3 ავტობუსი დღეს გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
,, ძალიან კარგი სიახლე! პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა.
მესტიის მუნიციპალიტეტს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, „ისუზუს“ ფირმის 3 სამგზავრო ავტობუსი დღეს გადმოეცა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტის ფარგლებში 154 ერთეული ავტობუსი ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტს ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.
მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვა თანადაფინანსებით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ცენტრალური ბიუჯეტიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მიღებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წელს იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში წარადგინა პროექტი „მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენა“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა და მიიღო გრანტი 195 000 ლარის ოდენობით.
მესტიის მუნიციპალიტეტი პირველი საზოგადოებრივი ავტობუსისთვის ინფრასტრუქტურის გამართვას უზრუნველყოფს, მოეწყობა ავტობუსის სადგომები და ტრნსპორტის მოძრაობის არეალში განისაზღვრება საპარკინგე ადგილები.
კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება” – ნათქვამი მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




