შიდა დაპირისპირება ენმ-ში – აქტივისტი ანა წითლიძის წინააღმდეგ პოლიციას მიმართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აქტივისტი გელა შედანია, რომელიც ახლა ნიკა მელიას ფლანგშია ენმ-ის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
„18 იანვარს, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ, სოციალურ ქსელში, პირად ფეისბუქ გვერდზე, პოლემიკის დროს, მომაყენა შეურაცხყოფა და დამწამა ცილი. მიწოდა ბოტასის და ქათმის ქურდი, სუსის აგენტი. იმის გარდა, რომ როგორც ადამიანი შეურაცხყოფილი ვარ, ჩემი მისამართით დაწერილ დამცირებასა და ცილისწამებას, კითხულობენ ჩემი არასრულწლოვანი შვილები და ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ჩემი სოფელი, სადაც დავიბადე, გავიზარდე და სადაც ვცხოვრობ.
ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციური პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, რომლის წევრიც ვარ, ჩემს მისამართით დაწერილი დახასიათებები და შეფასებები, არის ჩემი უფლებების შელახვა, აგრეთვე დამაფიქრებელია მისი საქმიანობა და პარტნიორობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მისი თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო, უფლებადამცველ და დემოკრატიის განვითარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებთან და მედიასთან.
იმისათვის, რომ ვამხილო და ფართო საზოგადოებას გავაცნო ანა წითლიძის ქმედების შესახებ, ხვალ, 23 იანვარს, 11 საათზე, ოფიციალური საჩივარი შემაქვს ზუგდიდის პოლიციაში, შემდგომ მივმართავ სასამართლოს, რომ დაიკითხოს ქალბატონი წითლიძე და ფართო საზოგადოებას მოახსენოს, სად მოვიპარე ბოტასი და ქათმები! აგრეთვე დამიმტკიცოს ჩემი თანამშრომლობა სუსთან და ა.შ.
სირცხვილი და უხერხულია, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საერთაშორისო აღიარების მქონე პოლიტიკოსის მიერ დაფუძნებულ პარტიას, პარლამენტსა და ყველაზე დიდ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში წარმოადგენდეს ამ ტექსტის ავტორი.
ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობ, რომ მივმართავ ოცნების სამართალდამცავებს, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია, სამომავლო რეაგირებისათვის, დარჩეს აღნიშნულ ორგანოებში.
მედიას ვთხოვ, აქ მონიშნულ ადამიანებს ჰკითხონ, როგორ თანამშრომლობენ და მეგობრობენ ასეთ ადამიანთან.
P.S. იყო დრო, მეც ვმეგობრობდი ამ ქალბატონთან და მიმაჩნდა, რომ თანამებრძოლები ვიყავით.
თან ვურთავ ანა წითლიძის მიერ დაწერილი ტექსტის სქრინებს“ – წერს შედანია და პოსტში სხვადასხვა უფლედამცველ, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს ნიშნავს.








