ოლივერ ვარჰეი: კანდიდატის სტატუსი არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი

კანდიდატის სტატუსი არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023“-ის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„თქვენო აღმატებულებანო, ქალბატონებო და ბატონებო,
მოხარული ვარ, მოგმართოთ. თქვენ იმყოფებით წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ შობას და ვემზადებით ახალი წლისთვის. თავდაპირველად, ნება მომეცით, მოგილოცოთ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით. ეს არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. თუმცა, ეს დიდი შრომა ევროკავშირისკენ წინსვლისთვის უნდა გაგრძელდეს. ჩვენი მხრიდან, ჩვენ გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს.
მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება სესხების, გარანტიების, გრანტებისა და საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით. აღნიშნული გეგმა მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტის მოსამზადებელ სამუშაოებს, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე მათგანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ აღნიშნული გეგმის ფარგლებში ჩვენ დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, იმისათვის რომ სრულად მიეღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სარგებელი.
ძვირფასო აღმატებულებანო, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებიც ჩვენმა პარტნიორობამ შეიძლება იქონიოს. თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი.
2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს, და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს.
ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას“, – აღნიშნა ვარჰეიმ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: ნაცმოძრაობა და სხვები დადიოდნენ ევროკავშირში და ეხვეწებოდნენ, არ მისცეთ უვიზო რეჟიმი საქართველოსო. ახლაც იგივე ხდებოდა: მობილიზებული ჰყავდათ თავიანთი ლობისტური ორგანიზაციები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი


