პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად.
აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე.როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.




