მარიამ ქვრივიშვილი: ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაგვიჭირა მხარი, რომ 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღეს ვუმასპინძლოთ

მსურს მივულოცო ჩემს ქვეყანას ეს დიდი გამარჯვება და აღიარება – საქართველომ, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვებით მორიგ წარმატებას მიაღწია და საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახავთ უფრო მეტად გაძლიერებულ ტურიზმის ინდუსტრიას, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებულ ეკონომიკას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომელიც ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში მონაწილეობდა.
კომისიის წევრმა 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ქართული მხარის ინიციატივას 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში ჩატარების შესახებ.
მსოფლიო ტურიზმის დღე 30 წელზე მეტია ყოველწლიურად, სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებიდან წარმომადგენლობითი დელეგაციები მონაწილეობენ. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიაში, მის ცნობადობასა და პოტენციალს.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს


