ბადრი ესებუა ციხეში დააბრუნეს

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დააბრუნეს.
ესებუას უფლებადამცველის იოსებ ჯანაშიას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით შესაბამის დაწესებულებაში ხუთი დღე გაატარა.
„ჩემთვის ამ დროისთვის უცნობია, რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში. ასევე უცნობია, როდის გახდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი“. მისივე განცხადებით, ესებუას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი 8 მაისს განახლდება.
შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.




