პარლამენტთან ევროკავშირის ახალი დროშა ჩამოკიდეს

პარლამენტთან დღეს ალტ ინფოს აქციის ორგანიზატორების მიერ ჩამოხსნილი და შემდეგ უკვე დამწვარი დროშა ნაცვლად ახალი დროშა აღიმართა.
„🇬🇪🇪🇺 ევროკავშირის დროშა კიდევ უფრო მძლავრად იფრიალებს ჩვენს გულებში!” წერს ფეისბუქოს ოფიციალურ გვერდზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ – ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავის სახელი”, ასევე 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, „გადატრიალებას აორგანიზებდა”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.





