სენაკში, გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, ჩვენს თანაქალაქელს, გურამ გაბესკირიას, 76 წელი შეუსრულდებოდა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,…არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ…“ – ეს იყო გურამ გაბესკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს…
გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
24 წლის შემდეგ, სიმბოლურად, სოხუმის დაცემის დღეს, მისი ნეშტი, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 პირთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.




