ანაკლიის პორტით იაპონური კომპანიები დაინტერესდნენ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ დღეს განაცხადა, რომ იაპონელი ინვესტორები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით დაინტერესებული არიან. მისი თქმით, იაპონელები ენერგეტიკის სფეროშიც არიან ინვესტირებით დაინტერესებული და ამის მაგალითად კომპანია TEPCO დაასახელა.
“ჩვენ მათ ვთავაზობთ ლოჯისტიკური სფეროს მიმართულებით ინვესტიციებს, მათ შორის ანაკლიის პორტი გახლავთ ერთ-ერთი ინტერესი, რომლითაც კომპანიები არიან დაინტერესებული ინვესტირებით. ასევე არის ენერგეტიკის სფერო, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რითიც იაპონელი ინვესტორები ინტერესდებიან და ჩვენ უკვე გვყავს კომპანია TEPCO, რომელიც უკვე მონაწილეობს როგორც ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოში ენერგეტიკის სფეროში,”- განაცხადა გენადი არველაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებით არაბეთის გაერთიანებული საამიროების, “აბუ დაბის პორტების” კორპორაცია დაინტერესდა. თავად AD Ports Group-ი აბუ-დაბის საამიროს დაქვემდებარებული სახელმწიფო კომპანიაა. მინისტრის განცხადებით, პორტის თაობაზე დაინტერესება სხვა კომპანიებმაც გამოხატეს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა.
წყარო: BM.ge




