ვახტანგ გადელია სენაკის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილებაზე: არ დავუშვებთ სენაკში უკანონობის დაკანონებას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, დღეს სენაკში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და განცხადებას ავრჩელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,მინდა გამოვეხმაურო სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და პარტია ,,საქართველოსთვის“, გამართეს არაუფლებამოსილი სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ, კანონის უხეში დარღვევით, მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება – უკანონოდ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე.
მათ დანერგეს კანონდარღვევების იმგვარი პრაქტიკა, რომელსაც ცივილურ სამყაროში ანალოგი არ აქვს. ზემოთ აღნიშნულს წინ უსწრებდა 9 თებერვალს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები: საკმარისი კვორუმის არქონის მიუხედავად, თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით, გადაირჩიეს დროებითი კომისიის წევრები და ცნეს საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება.
დღეს მიღებული უკანონო გადაწყვეტილებით, მათ გათელეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესები და მოახდინეს კანონის სრული უგულვებელყოფა. მოვუწოდებ ამ უკანონობის ავტორებს, საზოგადოება არც ამჯერად დაიჯერებს თქვენს მორიგ სიყალბეს. ჩვენ სარჩელით მივმართეთ სასამართლოს და ვითხოვთ ამ უკანონობის სასამართლოს გზით შეჩერებას. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის განვითარებისკენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელებისკენ არის მიმართული. ამდენად, ჩვენ არ დავუშვებთ მსგავსი უკანონობის დაკანონებას!”-წერს ვახტანგ გადელია




