სენაკის მერი თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს შეხვდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ვახტანგ ნიკოლავას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერმა რეჟისორს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის ასპექტები და სამომავლო გეგმები. ვახტანგ გადელიამ ყოველმხრივი მხარდაჭერა აღუთქვა ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს კულტურული ტრადიციებით მდიდარი სენაკის თეატრალური ცხოვრების შემდგომი განვითარების საქმეში.
ვახტანგ ნიკოლავას დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეატრის რეჟისურა); სხვადასხვა წლებში იყო სამსახიობო სტუდიის ხელმძღვანელი/რეჟისორი, თბილისის ალ. გრიბოედოვის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, რეჟისორი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციას რეჟისორი, ოთხი წლის ვადით, 1 მარტიდან დაიკავებს.




