ზუგდიდში ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა გაიხსნება

14 თებერვალს , 13 საათზე ქ. ზუგდიდში , რუსთაველის გამზირი # 89-ში , გაიხსნება ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლა. სკოლას გახსნის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე. ღონისძებას დაესწრება ქალაქ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე.
ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის საფუძველზეც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიერ დაფუძნებულ განათლებისა და კულტურის ცენტრში სალოტბარო სკოლას დაეთმობა შესაბამისი ფართი. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში სულ 29 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს.
მიმდინარე წელს ასევე იგეგმება სკოლების გახსნა ქარელის, ვანისა და სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტებში. სალოტბარო სკოლებში ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა და ტრადიციული გალობა. ზუგდიდის სალოტბარო სკოლაში სიმღერა-გალობას შეასწავლის ცნობილი მომღერალ-მგალობელი და ლოტბარი სერგო ურუშაძე და მარიამ ჯანაშია.
პირველი სალოტბარო სკოლა ფოლკლორის ცენტრმა 2015 წელს ამბროლაურში გახსნა. პანდემიამ სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა, თუმცა ამ ეტაპზე სალოტბარო სკოლებში ჯამში 500-ზემეტი მოსწავლე ირიცხება. სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ წარჩინებულ მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ჩააბარონ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სწავლა ასევე უფასოა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ახალგაზრდები რეგიონებში ხალხური სიმღერისა და გალობის პედაგოგებად ბრუნდებიან. სალოტბარო სკოლების გახსნის მიზანიც სწორედ ამ უწყვეტი წრის შეკვრა იყო, რაც ხალხური სიმღრისა და გალობის გავრცელებას, პროფესიულ შესწავლას და უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ რეგიონებში ახალგაზრდების პედაგოგებად დაბრუნებას ითვალისწინებს.
სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულები უკვე თავად დასაქმდნენ პედაგოგებად სალოტბარო სკოლებში. სალოტბარო სკოლებთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის მისაღბად შეგიძ₾იათ მიმართოთ გიორგი გაბუნიას , ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის პირველ მოადგილეს ტელ: 592 12 12 14




