სენაკის მერი ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს წევრებთან – საბა ოდიშარიასთან, გიგა წურწუმიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო, მათ შორის, სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სენაკის სამშობიარო სახლში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამედიცინო დაწესებულება, სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მრავალპროფილური სერვისებით შეძლებს მოსახლეობის მომსახურეობას. ქალაქში ასევე აქტიურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციის პროცესი.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით ქალაქის ინფრასტრუქტურა არა მარტო ფუნქციური კუთხით, არამედ ესთეტიკის მხრივაც წესრიგდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ,,ღია შეხვედრების“ ფორმატში, მოსახლეობას შეხვდა, მათ საჭიროებებს გაეცნო და მოგვარების გზები ადგილზევე დასახა.
,,როგორც წინასაარჩევნო პერიოდში შევპირდი ჩემს სენაკელებს, მათთან ყოველდღიურ რეჟიმში მექნება აქტიური კომუნიკაცია, გავაგრძელებ შეხვედრებს ყველა ლოკაციაზე. არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. მე, ჩემს გუნდთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებ, რათა სენაკის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და კონკრეტული შედეგებიც დავდოთ“ – აღნიშნა ვახტანგ გადელიამ.




