ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: „ფოთელების აქტიური ჩართულობის გამო ფოთის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს და ის ქვეყნის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”

როგორც ცნობილია 2021 წლის 30 ოქტომბერს გამართული თვითმართველობის არჩევნების შედეგად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო უმრავლესობით დააკომპლექტა ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ გუნდმა. ამავე წლის 3 ნოემბერს ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს ქალაქ ფოთის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სიის პირველი ნომერი ალექსანდრე ტყებუჩავა.
გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ბატონ ალექსანდრე ტყებუჩავასთან.
- ბატონო ალექსანდრე რა მიმართულებით იმუშავებთ და რა იქნება თქვენი პრიორიტეტები?
მოგესალმებით, პირველ ყოვლისა, ჩემთვის როგორც ამ ქალაქის მკვიდრისთვის ერთი-ორად საპასუხისმგებლოა ის პატივი, რომელიც პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ გუნდმა, ფოთელებმა და საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მომანიჭა. მადლობას ვუხდი ამისთვის ყველას! ჩვენი დაპირებისამებრ, ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანა იქნება ამ ქალაქს შევძინოთ ეკონომიკურად სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსი და დავაბრუნოთ იმ იდეალებთან როგორი ჩანაფიქრიც თავის დროზე ქალაქ ფოთის აღმშენებელს ნიკო ნიკოლაძეს ჰქონდა. როგორც მოგეხსნებათ ფოთი ოდითგანვე დასავლური ღირებულებების მატარებელი ქალაქი იყო და წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ცენტრს შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის. ამ საკითხების შესახებ დაწვრილებით ბევრის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ქალაქი უნდა დავაყენოთ განვითარების ისეთ გზაზე, რომლისკენაც სვლა შეუქცევადი პროცესი გახდება.
- როგორ ფიქრობთ, რა ფუნქციას შეასრულებს პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის განვითარებაში?
ის, რომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური გუნდი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს, ეს მათი მხრიდან სხვადასხვა ტრიბუნებიდან არაერთხელ გაცხადებულა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო მათი წინა საარჩევნო ვიზიტი ქალაქ ფოთში, როდესაც განვიხილავდით ზემოხსენებულ საკითხებსა და სხვა აქტუალურ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებს. უწყებათაშორისი კოორდინაციის ამ პროცესში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქალაქის მაჟორიტარის ბატონი ირაკლი ხახუბიას როლი, რომელიც დღემდე აქტიურად არის ჩართული პრობლემების მოგვარებაში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. ასევე, აღსანიშნავია ქალაქ ფოთის მერის ბატონი ბექა ვაჭარაძის ჩართულობა ყველა ამ პროცესში და მისი აქტიური კომუნიკაცია ქალაქის საკრებულოსთან. შესაბამისად, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი პოზიტიურად გადაიჭრება, ისეთები, როგორიც ამ ქალაქში ჯერ არ განხორციელებულა და ინოვაციურია თავისი არსით. ამავდროულად, მჯერა რომ ფოთის საკრებულო და ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაში დარჩება ცენტრალურ მთავრობასთან და ქალაქისთვის ყველა საჭირო პროექტს ბოლომდე მიიყვანს.
- როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება რა ზეგავლენას იქონიებს თქვენი და თქვენი გუნდის იდეების განხორციელებაზე?
დიახ, სამწუხაროდ პოლიტიკა დღეს-დღეობით მავანთა მხრიდან შუღლისა და ბოროტების რეალიზების სივრცედ არის გამოყენებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისა და, ამ შემთხვევაში, ფოთელების გვერდით დგომით ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ამ ქვეყნის, ისევე როგორც ჩვენი ქალაქის, განვითარება თავის ლოგიკურ გაგრძელებას პოვებს. ეს არის გზა დემოკრატიისკენ და, მაშასადამე, ეს არის გზა ევროპული ოჯახისკენ, რაც, თავის მხრივ, ცალკეული ქალაქების წარმატების ტოლფასია. მე მჯერა, რომ სწორედ ფოთელების აქტიური ჩართულობის გამო ფოთის განვითარებას ვერაფერი შეაფერხებს და ის ქვეყნის წარმატებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
- რას ეტყოდით ფოთელებს წინა საახალწლოდ?
ვულოცავ ჩემ ქალაქს დამდეგ შობა ახალ წელს და მინდა ვუთხრა, რომ უამრავი კეთილი სურვილი მაქვს მის მიმართ. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს მოკლედ გეტყვით: როგორც რიგითი ფოთელი, ვუსურვებ იმას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახისთვის მინდა რომ მქონდეს!
მსგავსი სიახლეები

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“, მთელ პოლიტიკურ გუნდს და საკრებულოს წევრებს გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“

ირაკლი კობახიძე – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში


