სენაკის მუნიციპალიტეტი შუერთდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას

კამპანია 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბადრი კალანდარიშვილი. ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. – აღინიშა სხდომაზე.
,,მუნიციპალიტეტის მერია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბენეფიციარებს უზრუნველყოფს სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამით, რომლის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლზე სტატუსის მინიჭების შემდგომ, ერთჯერადად გაიცემა 300 ლარი. ასევე ვახორციელებთ მათი ბინის ქირით უზრუნველყოფას, ადვოკატირებას შესაბამის უწყებებთან, ვუწევთ სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას“ – აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნატალია ხუბუამ.
ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში იგეგმება თემატური ღონისძიებების გამართვა. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მუნიციპალიტეტში კამპანიის მხარდამჭერია კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი“. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, რომელსაც მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება.




