სენაკში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სხდომა გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სხდომა გამართა.
შეხვედრას მერიის სამსახურების უფროსები და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა ესწრებოდნენ.
სხდომაზე გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამასთან, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ანა ჭიჭაღუამ მიმოიხილა მუნიციპალიტეტის კოვიდ სტატისტიკა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ტესტირება 537 პირს ჩაუტარდა; ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 60-ს, აქტიურ ფაზაშია – 175, თვითიზოლაციაში – 194 პირი.
,,მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან რეგულაციები, სოციალური დისტანცია, სწორად გამოიყენონ პირბადე, თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის’’ – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.




