სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარების პროექტების ფარგლებში, სენაკში აქტიურად მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის და სახოკიას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. წლების შემდეგ, ასფალტის საფარი აღნიშნულ ქუჩებზე პირველად დაიგო.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ. პროექტის ღირებულება 110 893 ლარს შეადგენს; აქედან, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოწესრიგების სამუშაოებისთვის – 68 514 ლარი დაიხარჯა, ხოლო სახოკიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის – 42 379 ლარი.
სამუშაოებს შპს ,,აფო“ აწარმოებს. აღსანიშნავია,რომ ბოლო წლების მანძილზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისეთ გზებს, რომლებსაც ათწლეულების მანძილზე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებია. ეს ეხება როგორც მუნიციპალურ, ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს.




