მენჯის ადმინისტრაციული ერთეული სრულად გაზიფიცირდება

- სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების პროცესი. დღეს, მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, აშენდება 41 674 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი და სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრიბი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 474 კომლს მიეცემა.
სრულად გაზიფიცირდება სოფლები – ბათარია, სახარბედიო, საწულეისკირიო, პერტული, სკურია და საგაბესკირიო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდა. გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს, ღირებულებით, 1 371 562 ლარი, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით, შპს ,,დაგი“ ახორციელებს.
ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აბონენტების გამრიცხველიანებას შპს ,,გასკო+” უზრუნველყოფს. აღნიშნული სოფლების მოსახლეობა აქამდე არ ყოფილა გაზიფიცირებული.
წლების შემდეგ, მოსახლეობის წინაშე ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ცენტრალური, რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევით განხორციელდა. გაზიფიცირების პროცესს, დღეს, მერის წარმომადგენელი მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიგლა ელიავა და წარმომადგენლის ასისტენტი, ზაურ ცინაძე ესწრებოდნენ.
გაზიფიკაციის სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილი საკითხები დროულად და ეფექტურად გვარდება.
გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყდა საგზაო ინფრასტრუქტურისა და გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა.




