ზუგდიდში დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე ამბობს, რომ მას იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს

- სპეცოპარაციის შედეგად წუხელ, ზუგდიდში დაკავებული ბადრი ფიფიას მეუღლე მაკა კოდუა დარწმუნებულია, რომ მას იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. ამის შესახებ მაკა კოდუამ STV.GE-სთან საუბარში განაცხადა. კოდუა აცხადებს, რომ ის 2008 წლიდან სამართლიანობის აღდგენისთვის და დაცვისთვის იბრძვის და დათმობას არც ახლა აპირებს.
“მე 2008 წლიდან ვიბრძოდი სამართლიანობის აღდგენისთვის და მეგონა, რომ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდი უკვე. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაქვს იმედი დღევანდელი ხელისუფლების, რომ ყველაფერი გაირკვევა და “ჩადებების” დრო ამ ქვეყანაში დასრულდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებ გაჩერებას და ისევ ვიბრძოლებ სიმართლისთვის,”-ამბობს დაკავებულის მეუღლე.
იმავეს ამტკიცებს დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუაც. ის შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსად 90-იანი წლებისა იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების “ჩადება” დღესაც აქტუალურია.
“გაოგნებული ვარ იმ ფაქტით, რომ მსგავსად 90-იანი წლებისა, ნარკოტიკული საშუალებების და იარაღის ჩადება დღესაც აქტუალურია. ამასთანავე, დარწმუნებული ვარ ჩემი კლიენტის უდანაშაულობაში და მიმაჩნია, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ჩემთვის ასევე გასაკვირია ის ფაქტი, რომ სპეცოპერაცია ზუგდიდში იმერეთის სამხარეო პოლიციამ ჩაატარა. ისინი ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია. ეს არის აბსურდი. იმერეთის პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია რა ხდებოდა ზუგდიდში და სამეგრელოს პოლიციას არ ჰქონდა? იმედია ყველაფერი გაირკვევა და მიეცემა სამართლებრივი ფორმა”-აცხადებს ბადრი ფიფიას ადვოკატი.
ცნობისთვის, წუხელ ზუგდიდში მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულია ზუგდიდელი ბადრი ფიფია. გამოძიება ფიფიას სავარაუდოდ იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. შსს-ს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: ვინც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევრორეკომენდაციებს, მას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და არის საქართველოს ევროპული მომავლის მტერი

გიორგი გამსახურდია: ზუგდიდში შევხვდი ეროვნულ და ნამდვილ ხალხს და ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არის მშვიდობა და არსებული კურსი


