ზუგდიდში COVID 19-ით ინფიცირებული მამაკაცი ადგილობრივია

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა წუხელ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. ინფიცირებული მამაკაცი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რომელსაც 17 აპრილს ჰქონდა საზღვრის კვეთა სომხეთიდან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ოდიშარიამ აღნიშნული ამბავი პრესას მხოლოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში გაუმხილა.
როგორც ოდიშარია აცხადებს: „თვითიზოლაციაში ყოფნის დროს ვახორციელებდით ზედამხედველობას და ის კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს. დაავადება დაეწყო 9 მაისს, მაღალი ტემპერატურით, ის თვითმკურნალობას მიმართავდა ოჯახში, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართა რუხის კლინიკას 14 მაისს. გუშინ ჩაუტარდა ტესტირება და დაუდასტურდა კორონავირუსი“
ამჟამად ზუგდიდში მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, უკვე გამოვლენილია ტრაილერის მძღოლის რამდენიმე კონტაქტი.




