ხვალიდან „მაკდონალდსის“ შიდა სივრცეები დროებით დაიკეტება

ხვალიდან „მაკდონალდსის“ შიდა სივრცეები სტუმრებისთვის დროებით დაიკეტება, – აღნიშნული ინფორმაცია „მაგდონალდსის“ facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ სრულად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე, ვცდილობთ მოცემულ სიტუაციაშიც კი უცვლელად, მაღალი სტანდარტებით მოგემსახუროთ უსაფრთხო გარემოში და ორიენტირებულები ვართ მინიმუმამდე დავიყვანოთ მოცემული სიტუაციიდან გამოწვეული დისკომფორტი.
სწორედ ამიტომ გვსურს წინასწარ შეგატყობინოთ, რომ ხვალიდან – 19 მარტის 08:00 საათიდან ჩვენი რესტორნების შიდა სივრცე სტუმრებისთვის დროებით დაიკეტება.
თქვენ კვლავ გექნებათ საშუალება, განაგრძოთ სარგებლობა მაკდრაივით და ადგილზე მიტანის სერვისით.
გმადლობთ, რომ ბრძანდებით ჩვენი მომხმარებელი.
გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კვლავ შევძლებთ თქვენს გამასპინძლებას ჩვენს რესტორნებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, ამოქმედებული ახალი რეგულაციის აღსრულებაზე ზედამხედველობა აქტიურად მიმდინარეობს.
რეგულაცია საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის (მათ შორის, რესტორნების, კაფეების, ბარების, სასადილოების, სარიტუალო დარბაზებისთვის და სხვა) გარკვეულ შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ბრძანების ამოქმედებიდან, სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ბიზნესოპერატორი უკვე გადაამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, უმრავლესობა ითვალისწინებს სპეციალური ბრძანებით განსაზღვრულ რეკომენდაციებს და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო მათ მადლობას უხდის.



