სახელმწიფო აუდიტი ჩხოროწყუს მერიის და საკრებულოს მუშაობაზე ანგარიშს აქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მუშაობაში დარღვევები გამოავლინა. ამის შესახებ დეტალურად ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების გადასახდელები, ჯამში − 19,846.8 ათასი ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულია არაქმედითი ღონისძიებები. გაწეული ხარჯის მიუხედავად, მასალების უმეტესი ნაწილი გამოუყენებელია და სტიქიის შედეგები არ არის ლიკვიდირებული. მუნიციპალიტეტში არსებულმა სუსტმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრა და მიზნის მიღწევა;
მოსახლეობის უმეტესობას არ მიეწოდება სასმელი წყალი და სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. ხარვეზები გამოვლინდა მიწოდებული წყლის ხარისხთან დაკავშირებითაც. პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებელ პირებს ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებიათ;
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული უხარისხო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია შესაბამისი ღონისძიებები პრობლემის მოსაგვარებლად;
მუნიციპალიტეტი სოციალური პროგრამის ფარგლებში იღებდა იმაზე მეტ ვალდებულებას, ვიდრე ბიუჯეტით ჰქონდა გათვალისწინებული; აგრეთვე არ ჰქონდა გათვალისწინებული წინა წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა.სამედიცინო დაწესებულებებმა კუთვნილი თანხები დაიბრუნეს სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა დამატებითი ხარჯი გასწია;
მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;
შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვის და ორგანიზაციის ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მსგავსი სიახლეები

ექსკლუზივი: წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ერთი თანამშრომელი დააკავეს

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“, მთელ პოლიტიკურ გუნდს და საკრებულოს წევრებს გამოჩენილი ნდობისა და მხარდაჭერისთვის“



