პრობაციონერები ნათლისღების დღესასწაულზე ხანდაზმულებს მოემსახურნენ

თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პრობაციონერები სათნოების სახლ ”კათარზისის” ბენეფიციართა დახმარების ტრადიციას 2016 წელსაც აგრძელებენ.
19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ათი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებული, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ხათუნა წიწავა და პრობაციის ოფიცრები ”კათარზისს” კიდევ ერთხელ ეწვივნენ და მის პერსონალს ხანდაზმულთა მომსახურებაში დაეხმარნენ. ისინი სათნოების სახლში მისულ ბენეფიციარებს, ნათლისღებასთან დაკავშირებით მომზადებული, სადღესასწაულო სადილით გაუმასპინძლდნენ.
პირობით მსჯავრდებულების მიერ „კათარზისის“ ბენეფიციართა მომსახურებას 2013 წლიდან სისტემატური ხასიათი აქვს. ჰუმანიტარულ ღონისძიებებში მონაწილეობა პრობაციონერებს კეთილი საქმის კეთების ჩვევას უყალიბებს და რესოციალიზაციაში ეხმარება.




