ზუგდიდში განახლებული ჭადრაკის სასახლე საზეიმოდ გაიხსნა

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მოადგილეები ბესიკ ჭეჟია და თაზო ფაცაცია, მერი გიორგი შენგელია, ქ. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, საკრებულოს წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, აფხაზეთის მთავრობის, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საჭადრაკო სკოლის აღსაზრდელები ესწრებოდნენ.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საპატიო სტუმრებმა ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში, დიდოსტატმა ნონა გაფრინდაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.
არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული, დაემატა საკლასო ოთახები, დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი, სანიტარული კვანძები. წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა მოწყო. განახლდა შენობის გარე იერსახე. შენობა შშმ პირთათვის ადაპტირებულია. პროექტის ღირებულება 904 367 ლარია.




