გიორგი გახარია – სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს სოციალურ ჯგუფებზე

“გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული.
ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონერებზე.
ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.




