სტიქია სვანეთში – განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ინფრასტრუქტურა

დაბა მესტიაში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ლეხზირის ხეობაში, დიდი რაოდენობის ნატანი მასალის მდინარე მესტიაჭალაში ჩადინებამ მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე ჭალადის მყინვარის მიმდებარე ტერიტორია დაფარულია ნატანი მასალით, განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა.
ასევე დაზიანებულია „წრნიაშიდან“ წყლის მიმღები ცენტრალური მაგისტრალის ორი მილი, რომლებიც ამარაგებენ დაბა მესტიას სასმელი წყლით, ამ დროისთვის დაბა მესტიის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სასმელი წყალი არ მიეწოდება. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაზიანების ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ სასაზღვრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. ამ დროისთვის დაბა მესტიაში ისევ გადაუღებლად წვიმს.



