სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვა

ზუგდიდის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი განმუხურში, N39 საარჩევნო უბანზე იმყოფება. სანდრა რულოვსის განცხადებით, ის მეორე ტურს არ ელოდება და პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
ოპოზიციის კანდიდატი მხარდამჭერებს მეგაფონით მიმართვას და აცხადებს, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვა.
„ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და ჩვენ არ დავუშვებთ მეორე ტურს, რადგან არ გვჭირდება, ჩვენ მოგებული გვაქვს პირნათლად და არ შევეგუებით. რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა დავკარგოთ.
თუ ისინი მაინც პირველ ტურში გამარჯვებას გამოაცხადებენ, მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, რადგან ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი, მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ, ამ ქვეყნისთვის ეს ნაბიჯი გადავდგა. თქვენ კიდევ არ მიცნობთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.



