პოპვარსკვლავი მადონა ევროვიზიის კონკურსზე 18 მაისს გამოჩნდება

პოპვარსკვლავი მადონა ევროვიზიის კონკურსზე 18 მაისს, ფინალის დროს გამოჩნდება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ მომღერალი განცხადებაში საუბრობს, რომელშიც ისრაელში ჩასვლის მიზეზს განმარტავს.
„არასდროს შევწყვეტ სიმღერას ვინმეს პოლიტიკური დღის წესრიგის დასაკმაყოფილებლად. ყოველთვის ვისაუბრებ ადამიანის უფლებების დაცვაზე და ვიმედოვნებ, მშვიდობის მიმართულებით ახალი გზა გამოჩნდება“, – თქვა მომღერალმა.
„ყოველთვის განვიცდი, როდესაც მესმის ამ რეგიონში ძალადობის შესახებ, რაც ხშირად პოლიტიკური მიზნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული. ეს ხდება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამ კონფლიქტისგან სარგებელს იღებენ“, – აღნიშნავს მადონა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროვიზიის კონკურსზე მადონას პერფორმანსი შესაძლოა, არ შემდგარიყო. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მომღერალს კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.
მადონა სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული,რომელმაც ორი სიმღერა უნდა შეასრულოს.




