სენაკის საავადმყოფოში მოთავსებული ბავშვები სახელმწიფო რწმუნებულმა მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ და სენაკის მერმა ლევან კუპრეიშვილმა სენაკის მუნიციპალიტეტის ბავშვთა საავადმყოფოში ის ბავშვები მოინახულეს, რომლებიც ინტოქსიკაციის დიაგნოზით დღეს მოათავსეს.
ცნობისათვის, დღეს სენაკის მე-2 საჯარო სკოლის 24 მოსწავლე, ინტოქსიკაციის ნიშნებით, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვების ასაკი 10-11 წელია.
„პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. მათ სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ“, – აცხადებენ საავადმყოფოში.
მათივე ცნობით, მოსწავლეები საავადმყოფოში ზუგდიდიდან გამოძახებული ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.




