აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის კანდიდატურა განიხილება

ხვალ 14:00 საათზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. შეკრების მიზეზად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის არჩევაა. არსებული ინფორმაციით აღნიშნულ თანამდებობაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილეს რუსლან აბაშიძეს დაუჭერს მხარს.
2013-2014 წლებში რუსლან აბაშიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ.
რუსლან აბაშიძემ 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი




