ფოთს ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანი სტუმრობს

ფერეიდნელი ქართველი, პროფესიით ისტორიკოსი საიდ მულიანი უკვე რამდენიმე წელია, ირანში ქართული ენის და დამწერლობის გავრცელებას ცდილობს. მან, დიდი შრომის შედეგად, ირანში ქართული სკოლების გახსნა მოახერხა. თავად შეადგინა „დედაენა“ ამ სკოლებისთვის და სხვა სახელმძღვანელოებიც.
პირველი ქართული საზაფხულო სკოლა 2000 წელს გახსნა, რომელმაც დაახლოებით 4 წელიწადი იარსება. ხან სკოლებში, ხან უნივერსიტეტში ატარებდა გაკვეთილებს, ზოგჯერ სხვადასხვა პრობლემების გამო მინდორშიც, გარკვეული ხანი კი საკუთარ სახლშიც.
„ მოგეხსენებათ, ჩვენი გადასახლება ირანში არ ყოფილა ჩვენი სურვილი და ეს ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა. ფერეიდანი ისპაჰანიდან 200 კილომეტრში მდებარეობს. აქ არის ცენტრი- ქალაქი, რომელსაც ჩვენ მარტყოფს ვუწოდებთ. მის ირგვლივ 7 სოფელია და მათ ქართული სახელები ჰქვიათ. არის ვაშლოვანი – ასეთი სოფელი. მე, პირადად, სოფელ ჩუღურეთიდან ვარ. ფერეიდნელ ქართველებს 400 წლის მანძილზე არ ჰქონდათ კავშირი აქაურ ქართველებთან. იქ ძალიან ბევრი ქართული წარწერებია. მათ ყველგან შეხვდებით- მაღაზიებზე, კედლებზე, მანქანებზე.
ჩემს ისპაჰანის ქართულს სკოლაში, იმ ოთახში, სადაც მე ქართულ ენაზე წერა-კითხვას ვასწავლიდი, ოთახის კარი აღარ იხურებოდა და სწავლის დასრულებამდე ვერც დავხურეთ.
ალბათ, მიხვდით, ეს უბრალო მოვლენა რატომ არის მნიშვნელოვანი და ძალიან სასიხარულო.
ჩემს ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ ასეთი გახარებული. იცით, რატომ არ იხურებოდა კარი? ჩემს ქართულ სკოლაში იმდენი მსურველი მოვიდა, რომ ნამდვილად, ნემსის ადგილიც აღარ იყო. დაუჯერებელი იყო. თვალებს არ ვუჯერებდი, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე.
აქვე გეტყვით ერთ ლეგენდას, რომელიც შეიქმნა ფერეიდანში.
როცა წვიმს და ცისარტყელა გამოჩნდება, ამბობენ, რომ ცისარტყელის იქით საქართველოა. თუ ცისარტყელის იქით გადახვალ, საქართველოში აღმოჩნდები”- გაიხსენა საიდ მულიანმა ფოთელ საზოგადოებასთან შეხვედრაზე.
დედაენის კვირეულის ფარგლებში, საიდ მულიანმა ახალი საქართველოს უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა ფერეიდნელ ქართველებზე და ირანში ქართული ენის სწავლების თემაზე,რომელსაც ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა,ადმინისტარციული სამსახურის უფროსი ინგა მასხულია, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნიკოლოზ გრიგოლია, ფოთის მჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი მაკა ზარანდია, სასულიერო პირები, პედაგოგები, ფოთელი პოეტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
საიდი მულიანი საქართველოში პირველად 2006 წელს ჩამოვიდა.
მსგავსი სიახლეები

სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან ზუგდიდში ფეხით ჩამოვიდა

პრემიერი: უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერაა არჩეული, იმოქმედა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად


