“ნაციონალების” დაპირისპირების ფონზე “ევროპული საქართველო” ზუგდიდში კანდიდატს აყენებს?

“ნაციონალურ მოძრაობაში” ურთიერთდაპირისპირების შემდეგ გამორიცხული არ არის ზუგდიდის მერის კანდიდატურა “ევროპულმა საქართველომ” ცალკე წარადგინოს. აღნიშნული ინფორმაცია STV-ს ცენტრალური ოფისიდან პარტიის ერთ-ერთმა წევრმა აცნობა. მისი განმარტებით, პარტიის გამგეობის სხდომაზე იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
“გამგეობის შეხვედრა ქონდათ “ევროპელებს” ცენტრალურ ოფისში და იქ იყო საუბარი ამასთან დაკავშირებით. რახან “ნაციონალებმა” კანდიდატი დაყენეს მარნეულში და გარიგება დაარღვიეს, პარტიაში აქტიურად მსჯელობენ კანდიდატის დაყენებაზე ზუგდიდში”-აცხადებს STV-ს წყარო.
STV “ევროპული საქართველოს” ადგილობრივ ლიდერებს დაუკავშირდა. საკრებულოს წევრის, ბათლომე შელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალებმა” გარიგება დაარღვიეს, ზუგდიდში ჯერჯერობით იგივე პოზიციაზე რჩებიან.
“მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მარნეულში მერობის კანდიდატის დაყენება არის შეთანხმების დარღვევა და პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილება, ჩვენ ჯერჯერობით არ ვაპირებთ ზუგდიდში შეთანხმების დარღვევას”,-განაცხადა STV-თან ბათლომე შელიამ.
გარდა ამისა, თამარ ჩერგოლეიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი გამოაქვეყნა:
“დიდ შეცდომად ჩავთვლი ევროპული საქართველოს მხრიდან, ზუგდიდში თუ კანდიდატს არ დააყენებენ, მას მერე რაც ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულში დაარღვია პირობა. მაინც იდოს აქ ჩემი “არაპოპულარული” აზრი. მერე გავიხსენებ”,-წერს facebook-ში თამარ ჩერგოლეიშვილი.




