წალენჯიხაში “ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინეს

წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები სევერიანე შეროზია , ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ. ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის წალენჯიხის ჩქვალერის საჯარო სკოლის „ეტალონ მოსწავლეს“, გიორგი ქარდავას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.
მის მშობლიურ ჩქვალერის საჯარო სკოლას კი დიპლომი გადაეცა „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის. პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარიც გადაეცა. “ 2018-2019 წლების „ეტალონ მოსწავლე “ წალენჯიხის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბელქანია გახდა, რომელსაც საჩუქარი ალექსანდრე მოწერელიამ გადასცა.
მეორე ადგილზე გავიდა ასევე წალენჯიხის #4 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გიორგი კვარაცხელია, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ლიის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ქობალიას. ღონისძიების დასასრულს, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე მოწერელიას სტუმრობისთვის, პროექტ „ ეტალონი“-ს ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს და დამსწრე საზოგადოებას.




