ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში, შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო. ამ დროისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს გოგებაშვილისა და შარტავას ქუჩებზე, რამდენიმე დღეში კი დაიწყება ხორავას, შენგელიას, კობახიძის, ტაბიძისა და გორგასალის ქუჩების რეაბილიტაცია.
აპრილის ბოლოდან, ეტაპობრივად სამუშაოები ჩატარდება – მოსაშვილის, ცეტკინისა და ჩიტაძის ქუჩებზე, ჯამში 100-მეტი ქუჩის გზის საფარის აღდგენა მოხდება. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას მიმდინარე წელს დაასრულებს, რის შედეგად ზუგდიდის მოსახალეობას 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს კანალიზაციის ქსელისა და გამწმნედი ნაგებობის მშენებლობა. პროექტებს ჯამურად 220 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. ასევე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით ზუგდიდის ათ ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამ ეტაპზე შემდეგი ქუჩები შეკეთდება: ხელაიას, ჩიქობავას, ლაზის, ბარამიას, ქობულეთის, ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის და თაბუკაშვილის. ტენდერი გამოცხადებულია თაბუკაშვილისა და თამარ მეფის ქუჩების გზების სარეაბილიტაციო სამუშოებზე.




