“ლიბერთი ბანკი”-ს დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი პარტიზანი და მოქმედი თანამშრომელია

ზუგდიდში, “ლიბერთი ბანკი”-ს დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ომარ ხუხუა განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ომარ ხუხუა, რომელიც წარმოშობით გალის რაიონიდანაა, ერთ-ერთი პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.
STV-ს წყაროს ინფორმაციით, ომარ ხუხუამ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტიზანულ მოძრაობას ჩამოშორდა. ოფიციალური ინფორმაცია ხუხუასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს.
პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში დააკავა.
დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




