ოკუპირებულ გალში მოკლულ ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში გადმოასვენეს. კვარაცხელიას დღეს სენაკის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 მარტს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს. მას ექსპერტიზა თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. სწორედ ამის შემდეგ გადმოასვენეს მისი ცხედარი სენაკში, დევნილთა დასახლებაში, სადაც კვარაცხელია გარკვეული ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ამ ვერსიის არ სჯერათ გარდაცვლილის ახლობლებს და ამბობენ, რომ მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ქვეყნის ოფიციალურ უწყებებში კი აცხადებენ, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც კომპლექსური ექპერტიზის დასკვნა დაიდება.




