მერაბ ქვარაია – ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გამოეხმაურა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასურთან დაკავშირებულ მოსაზრებებს. მისი განმარტებით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას. საკითხზე სამუშაოა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.
“ 3 ლარი ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასურად, არარელევანტურია, თუმცა როგორც სჩანს ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოტანიკური ბაღი ზუგდიდელების იდენტობაა, ის ყოველდღიურობაა და იქ შესვლა არ უნდა იყოს ფუფუნება რიგითი ზუგდიდელებისთვის.
თანხა, რომელიც ჩემი აზრით უფრო სიმბოლური უნდა იყოს, აუცილებელია ზუგდიდის ბიუჯეტში აისახოს და ბოტანიკურ ბაღსავე მოხმარდეს. ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული უფასო განაკვეთი ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და საშეღავათო რეჟიმი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. გარდა ამისა, ასევე საჭიროა განისაზღვროს დღე-ღამის ფასიანი განაკვეთები.
ერთი სიტყვით, ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას. საკითხზე სამუშაოა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება”-აცხადებს მერაბ ქვარაია.
ცნობისათვის, ზუგდიდის მერიის ააიპ “ბოტანიკური მართვის ცენტრის” დირექტორმა ზვიად ქარჩავამ ის სავარაუდო ფასები წარმოადგინა, რომლის სანაცვლოდაც მსურველები ბოტანიკურ ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებენ შესვლას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ამავე ინფორმაციით, ერთჯერადად შესვლა სამი ლარი ეღირება, ერთთვიანი აბონემენტის ფასი – 30 ლარი, სამთვიანის კი 60 ლარი იქნება. ამასთან, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით სარგებლობისთვის მსურველებს 300 ლარის გადახდა მოუწევთ.
ზვიად ქარჩავამ განმარტა, რომ ეს მხოლოდ პროექტია და ფასების დადგენის პრეროგატივა მას არ აქვს. მისივე თქმით, ფასები, სავარაუდოდ, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განსხვავებული იქნება.




