ზუგდიდის გამგეობიდან დათხოვნილებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს
ზუგდიდის გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დღეს ბრიფინგი გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, იმ საატესტატო კომისიის წევრების საქმის გადახედვა და თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელთა უკანონი გადაწყვეტილების შედეგად 2016 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ზუგდიდის გამგეობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი მაია ღურწკაია აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მერია დაავალდებულა დაუყოვნებლივ მომხდარიყო სამსახურში მისი აღდგენა, ამდრომდე გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა.
,,მე სასამართლოს გზით, მივიღე 2 თვის განაცდური და ასევე ხელფასი ყოველთვიურად, მაგრამ ეს არ არის ჩემი საბოლოო მიზანი, მე ვაგრძელებ ბრძოლას და ღიად ვაცხადებ და მივმართავ პრემიერ- მინისტრს, შეისწავლოს ჩემი საქმიანობა და ჩემს ადგილზე დღეს დანიშნული მაგდალინა თოდუას საქმიანობა და განიხილოს, რა გაუკეთებია მას ჩემზე მეტი. ამ ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ იზარალა ნახევარი მილიონი ლარით და ვიზარალეთ ჩვენც,, – აცხადებს ღურწკაია.
როგორც ზუგდიდის მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი ამანათიძემ განაცხადა, მერიაში შემოსულია 8 პირზე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელთა ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, სხდომა უახლოეს პერიოდში გაიმართება და ამ ადამიანების საკითხი გადაწყდება.




