პროექტის „სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“ პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართა

ზუგდიდში პროექტის „სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის, განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი ფონდ „Human Doc“-ისა და სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა დახმარების გაერთიანების ა(ა)იპ „მომავალი იწყება დღეს“ მიერ ხორციელდება.
პრეზენტაციას პოლონეთის განვითარების პროგრამის განვითარების დეპარტამენტის ვიცე დირექტორი მარეკ კუბერსკი, ორგანიზაცია Human Doc – პროგრამების დირექტორი სტანისლავ ბროდნუხი უძღვებოდნენ.
ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ერთდროულად სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირებისთვის საქართველოში აქამდე არარსებული მხარდაჭერისა და მზრუნველობის სისტემის შექმნასა და დანერგვას ითვალისწინებს.
პროექტი ითვალისწინებს ლორმის ანბანის ქართული ვარიანტის შემუშავებასა და გავრცელებას და მიზნად ისახავს ერთდროულად სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.




